ოპოზიციური "რვიანი" ხელისუფლებას საკითხების ეტაპობრივად განსახილვას სთავაზობს, - ამის შესახებ მმართველ გუნდთან მიმდინარე შესაბამის მოლაპარაკებებში ჩართულმა რვა პოლიტიკური პარტიის ლიდერმა საგანგებო განცხადება ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ოპოზიციური "რვიანი" საარჩევნო გარემოს ეტაპობრივად გაუმჯობესების დათმობაზე მიდის. "ვითვალისწინებთ რა მოლაპარაკების მონაწილე სუბიექტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, ხელისუფლებას ვთავაზობთ საკითხები დავყოთ ორ ჯგუფად და პირველ ეტაპზე განვიხილოთ ორი საკითხი: ამომრჩეველთა სიების ფორმირება და საარჩევნო სისტემა. ამ საკითხებზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ გაგრძელდეს ყველა დანარჩენი საკითხის განხილვა. შესაბამისად, შესათანხმებლად წარმოვადგენთ შემდეგ წინადადებებს: ამომრჩეველთა ერთიანი სია შედგეს და პირადობის მოწმობები გაიცეს მოქალაქეთა ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე", - აღნიშნა "რვიანში" წარმოდგენილმა ლიდერებმა.
ამასთან, "ახალი მემარჯვენეები", "ეროვნული ფორუმი", "თავისუფალი დემოკრატები", "კონსერვატიული პარტია", "რესპუბლიკური პარტია", "საქართველოს გზა", "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" და "ხალხის პარტია" მმართველ გუნდს საარჩევნო სისტემის ორ მოდელსაც სთავაზობს.
"ა) პარლამენტის ნახევარი აირჩევა ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან 50%-იანი ბარიერით. პარლამენტის მეორე ნახევარი აირჩევა პროპორციული სისტემით ერთიანი პარტიული სიებით. ამასთანავე, პარლამენტში პოლიტიკური პარტიების (ბლოკების) მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა განისაზღვრება მათთვის პროპორციულ არჩევნებში მიცემული ხმების მიხედვით. შესაბამისად, მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებული ყველა კანდიდატი მიიღებს მანდატს; ხოლო პარტიას პროპორციული არჩევნებიდან მიეკუთვნება მხოლოდ იმდენი მანდატი, რამდენიც საჭიროა განსაზღვრული რაოდენობის უზრუნველსაყოფად. პარტია (ბლოკი) განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტ მანდატს მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ რაოდენობას გადააჭარბებს პარტიის (ბლოკის) მიერ მაჟორიტარული წესით მოპოვებულ მანდატთა საერთო რაოდენობა; ან, ბ) პარლამენტის 2/3 აირჩევა პროპორციული სისტემით, ერთიანი პარტიული სიებით, ხოლო 1/3 - ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში 50%-იანი ბარიერით", - ნათქვამია "რვიანის" განცხადებაში.
პოლიტიკური "რვიანი" მმართველ გუნდს უკუბრალდებას უყენებს და მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობაში თავად ადანაშაულებს.
"ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები აშკარად ადასტურებს, რომ მოლაპარაკების პროცესში არგუმენტების გარეშე დარჩენილი ნაციონალური მოძრაობა, მძიმე ვითარებიდან თავის დასაღწევად ცდილობს ჩაშალოს საარჩევნო საკითხებზე მიმდინარე მოლაპარაკებები. ამასთანავე, ამ პროცესის ჩაშლაზე პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად იგი ეწევა ინტენსიურ პროპაგანდისტულ კამპანიას საზოგადოების თვალში ოპოზიციური რვიანის მიერ შეთავაზებული წინადადებების დისკრედიტაციის მიზნით. მიუხედავად ამისა, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა რესურსს დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად - საქართველოში სამართლიანი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად, რომელიც დაეფუძნება ორ მთავარ პრინციპს: "ერთი ამომრჩეველი - ერთი ხმა"; საარჩევნო სუბიექტების მიერ მთელ საქართველოში მიღებული ხმებისა და პარლამენტში მიღებული მანდატების პროპორციულობა", - აცხადებენ ოპოზიციონერი ლიდერები.