დღეს, 6 დეკემბერს, რუსთაველის თეატრი უმასპინძლებს ვერბატიმის პრემიერას სახელწოდებით - "რა გვეტყობა რომ ლტოლვილები ვართ?!". სპექტაკლი ახალგაზრდა ბრიტანელმა რეჟისორმა ალეკი ბლაითმა დადგა.
წარმოდგენა არის ნაწილი რუსთაველის თეატრის, ნაციონალური თეატრის და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივი პროექტისა სახელწოდებით - თეატრების პარტნიორობა, რომელიც ხორციელდება BP-ს და HSBC BANK GEORGIA -ს ფინანსური მხარდაჭერით.
ვერბატიმი ლათინური სიტყვაა და ნიშნავს -სიტყვა-სიტყვით, ზუსტად. ვერბატიმის წარმოდგენა ინოვაციური თეატრის ფორმაა, სადაც რეჟისორი რეალური ადამიანების საუბარს იწერს მათი შეხედულებების, ემოციების და მისწრაფებების შესახებ და მხატვრული ფორმით მიაქვს მაყურებლამდე.
ალეკი ბლაითმა თავისი სპექტაკლისთვის შეარჩია ქართველი დევნილები, რომლებიც იძულებულნი გახდნენ სახლ-კარი მიეტოვებინათ 2008 წლის აგვისტოს ომის გამო. იგი ეწვია გორისა და წეროვანის დევნილთა დასახლებებს და ამ საუბრების საფუძველზე შექმნა შთამბეჭდავი ისტორია, რომელიც ამ ადამიანების იმედებსა და პრობლემებს ასახავს.
"დევნილების შესახებ წარმოდგენის გაკეთება შესანიშნავი შესაძლებლობა იყო, რათა მოგვესმინა მათთვის, ვისი ხმაც არასდროს გაგვიგონია სცენიდან. მაინტერესებს ის სამყარო, რომელსაც, გვგონია რომ კარგად ვიცნობთ საინფორმაციო საშუალებებიდან. მაინტერესებს მათი იმ კუთხით ჩვენება, რომლის შესახებ აქამდე არაფერი ვიცოდით. მე ვიწერ ინტერვიუებს და რედაქტირებას ვუკეთებ მათ. წარმოდგენის დროს მსახიობები ყურსაცვამებით უსმენენ რედაქტირებულ ინტერვიუებს და ზუსტად იმეორებენ იმას, რაც ესმით. მსახიობები ზუსტად იმეორებენ არა მარტო სიტყვებს, არამედ საუბრის მანერას -იქნება ეს ჩახველება თუ შეყოყმანება. ეს მეთოდი მსახიობს არ აძლევს საშუალებას საკუთარი მეტყველების მანერას მიმართოს. ამით ის მომენტრალურად ქმნის მკვეთრად გამოხატულ ხასიათს", _ აცხადებს ალეკი ბლაითი.
სპექტაკლის შემდეგ მაყურებელს შესაძლებლობა ექნება განიხილოს იგი რეჟისორთან და მსახიობებთან ერთად.