საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას მოუწოდებს სახალხო დამცველის ანგარიშს სერიოზულად მიუდგეს. აღნიშნული მოწოდება დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორიდიამ ოპოზიციონერი დეპუტატის ჯონდი ბაღათურიას საპასუხოდ განაცხადა.
"ცდილობენ, რომ ოპოზიციამ წარმოაჩინოს თითქოს ჩვენ თავს ვარიდებთ სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვას და უნდობლობას უცხადებით. მინდა ყველას განუმარტო, რომ 600 გვერდიანი ანგარიში გუშინ დარიგდა კომიტეტებში, რომელიც დეტალურ შესწავლას საჭიროებს", - აღნიშნა თორდიამ.
ამასთან, მისი განმარტებით, სახალხო დამცველისა და პარლამენტის ურთიერთობა უკვე დიდი ხანია შემუშავებულია, რომელიც გულისხმობს, რომ პარლამენტი არის სახალხო დამცველის კრიტიკული თვალი, რომელიც სწვალობს ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს, რა დანაშაული მოხდა, რაზეა რეაგირება მოხდენილი და არის თუ არა დამნაშავე პასუხისგებაში მიცემული.
"ჩვენ სერიოზულად უდგებით ამ ანგარიშს და თუ ასე არ გინდათ, ბატონო ჯონდი, მაშინ შევცვალოთ კანონი და სახალხო დამცველი ანგარიშ დაწერს თუ არა დავაყენოთ კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობა და აღარც კომიტეტზე განვიხილოთ და აღარც პლენარულ სხდომაზე", - აღნიშნა თორდიამ.
მისივე თქმით, ერთთვიან ვადას კომიტეტების ანგარიშის დეტალურად შესწავლისთვის გამოიყენებენ.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიში პარლამენტში 31 მარტს შემოვიდა. ბიუროზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად კომიტეტებს ანგარიშის განსახილველად ერთ თვიანი ვადა ეძლევა, რის შემდეგაც მაისის დასაწყისში მისი პლენარულ სხდომაზე განხილვა მოხდება.