პრეზიდენტის პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძის განცხადებით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სასამართლოს საქართველოს მთავარი არგუმენტი გაითვალისწინა.
"იურიდიულად დადასტურდა, რომ რუსეთის ფედერაცია არის ამ კონფლიქტში მონაწილე მხარე და არა რომელიმე მესამე მხარე, რომლის დამტკიცებასაც რუსეთი დაჟინებით ცდილობდა წლების განმავლობაში. დავა რუსეთი მხრიდან განხორციელებულ ეთნიკური წმენდის საკითხებზეც მიმდინარეობს. იცით, რომ სწორედ ეთნიკური წმენდა წარმოადგენდა წლების განმავლობაში საქართველოს დავის საკითხს; საერთაშორისო სამართლის კუთხით მთავარია, რომ საბოლოოდ ლეგიტიმაცია შეიძინა ჩვენმა მოთხოვნამ - რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს საქართველოსთან დავაში კონფლიქტის მხარეს და ეს ძალა არის სწორედ ეთნიკური წმენდის საკითხებზე", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის არსებით განხილვაზე უარი თქვა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეებს მოლაპარაკებათა რესურსი სრულად არ ამოუწურავთ და დავის მართლმსაჯულების მიერ გადაწყვეტამდე თბილისსა და მოსკოვს მისი დიალოგის გზით მოგვარება ურჩია.