სეპარატისტული აფხაზეთის სასულიერო და საერო საზოგადოებაში მღელვარებაა. აფხაზი საერო და სასულიერო პირები რუსეთის წინააღმდეგ ფარტომასშტაბიან საპროტესტო შეკრებებს იწყებენ. რუსეთის მიერ აფზაზეთის მიმართ ტერიტორიულილ პრეტენზიის წაყენების შემდეგ, რუსეთის საპატრიარქომ ახალი ათონის მონასტერში იღუმენად რუსი მღვდელმსახური დანიშნა. ეს ფაქტი აფხაზებმა საერო და სასულიერო შეკრებაზე გააპროტესტეს.
შეკრებაზე მიიღეს გადაწყვეტილება დიდი სასულიერო-საერო შეკრების გამართვისა და მასზე ზოგადად, აფხაზეთის მართლმადიდებრული ეკლესიის მომავალი ბედის ღიად განხილვის შესახებ.
გაირკვა, რომ რუსი წინამძღვარის დანიშნა აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ე.წ. ხელმძღვანელისა და სოხუმისა და ბიჭვინთის ეპარქიათა ე.წ. მმართველის ბესარიონ აპლიასა და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილის ფარული გარიგების საფუძველზე მოხდა.
აფხაზეთის სასულიერო პირები მიიჩნევენ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების წინამძღვრები სწორედ აფხაზი ეროვნების უნდა იყვნენ. სასულიერო პირთა უკმაყოფილებას ასევე იწვევს ბესარიონ აპლიას გააქტიურებული და ფარული ურთიერთობები რუსეთის საპატრიარქოსთან, მისი თვითნებური ქმედებები და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება.
საერო და სასულიერო შეკრებაზე მიიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, შემდეგი შეკრება 15 მაისს გაიმართება.
"ჩვენ, ღვთისმსახურები, ბერები, საერო პირები და ყველა სულიერი შვილი აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, მართლმადიდებელ ახალგაზრდებთან და ყველა მასთან ერთად, ვინც დღეს აქ მოვიდა, აქ წმინდა სვიმონ კანანელის მონასტერში ახალ ათონში, ადგილზე საიდანაც დაიწყო სახარების ქადაგება ჩვენი ხალხის წინაპრებისათვის და ადგილზე სადაც ჩვენს დროში უმრავლესობა ნათელს იღებს. შეშფოთებას გამოვხატავთ მონასტერში მცირე ხნის წინ მომხდარი ამბების გამო.
ჩვენთვის უტყუარად ცნობილი გახდა, რომ მღვდელ ბესარიონ აპლიასა და მოსკოვის საპატრიარქოს შორის საიდუმლო შეთანხმება მოხდა, რომლის მიხედვითაც წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის მონასტრის წინამძღვრად იეროდიაკონ ანდრეი (ამპარის) ნაცვლად იღუმენი ეფრემ (ვინოგრადოვი) დაინიშნა, რომელიც აქ სხვა ბერებთან ერთად ჩამოვიდა.
კიდევ უფრო შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ ბესარიონ აპლიამ ეს გადაწყვეტილება, მიიღო აფხაზეთის მართლმადიდებელი ხალხისგან მალულად და ფარულად, ერთპიროვნულად მიიღო და იგი აფხაზეთის ტაძრებისა და მონასტრების ბედს ასევე ერთპიროვნულად განაგებს.
ამასთან დაკავშირებით, ჩვენ საბოლოოდ დაკარგული გვაქვს ნდობა ღვთისმსახურ ბესარიონ აპლიას მიმართ და სერიოზულად შეშფოთებულნი ვართ, არა მხოლოდ ახალი ათონის მონასტრის ბედით, არამედ მთელი აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მომავალი ბედით. ამიტომაც ჩვენ შემდეგი გადაწყვეტილება მივიღეთ:
1. 2011 წლის 15 მაისს მოწვეულ იქნეს საეკლესიო-სახალხო შეკრება წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის სახელობის მონასტერში ახალ ათონში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთის ახლანდელი მართლმადიდებული ეკლესიის ყველა სტრუქტურის წარმომადგენლები, ასევე სახელმწიფო მმართველობის ყველა სტრუქტურის წარმომადგენლები, საზოგადოებრივი ორგანიზაციის ფართო სპექტრი იმისათვის რათა ღიად განვიხილოთ აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მომავალი ბედი.
2. ამ საეკლესიო -სახალხო შეკრებაზე მოწვეულ იქნენ - აფხაზეთის სასულიერო წარმომადგენლები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან. კერძოდ, იეროდიაკონი დოროფეი (დბარი), იეროდიაკონი დავითი (სარსანია) და მორჩილი ლეონი (აჯინჯალი).
3. საეკლესიო-სახალხო შეკრების ორგანიზება დაევალოს იეროდიაკონ ანდრეის (ამპარი) მონასტერში მყოფი სასულიერო პირებისა და მონასტრის თანამშრომლების დახმარებით.
სასუალიერო სახალხო შეკრების მონაწილეთა ხელმოწერა (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი, ხელმოწერა).
შეგროვდა სულ ხელმოწერები 30 A4 გვერდზე".
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ათონის სვიმონ კანანელის სახელობის მონასტერში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა ახალი წინამძღვარი მიავლინა.
"აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელისა და სოხუმისა და ბიჭვინთის ეპარქიათა მმართველის ბესარიონ აპლიას არაერთი მოთხოვნის შედეგად, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა წმინდა მოციქულის სვიმონ კანანელის მონასტერში, ახალ ათონში ახალი იღუმენი მიავლინა. მონასტერს ეფრემ (ვინოგრადოვი) უხელმძღვანელებს", - იუწყება აფხაზური მედია და აღნიშნავს, რომ ახალ წინამძღვართან ერთად, "აფხაზეთში რუსული მონასტრული ცხოვრების ტრადიციის ასაღორძინებლად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ბერებიც ჩავიდნენ".