კონგოში, ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს ავიაკომპანია "აირზენა" დაფარავს.
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ოპერატიულად მოხდეს კონგოს ხელისუფლებასთან კონტაქტის დამყარება, რათა დაღუპული ქართველები სამშობლოში დროულად იქნენ გადმოსვენებულნი. ბუნებრივია, ყველა ხარჯს თავის თავზე "აირზენა აიღებს", - განუცხადა "აირზენას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, ავიაკომპანიის წარმომადგენლები მომხდარის დეტალების ადგილზე შესასწავლად და საქართველოს დაღუპული მოქალაქეების თბილისში გადმოსვენებისთვის საჭირო ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად კონგოში რამდენიმე დღეში გაემგზავრებიან.
შეგახსენებთ, რომ კონგოში, ავიაკატასტროფის დროს საქართველოს 4 მოქალაქე დაიღუპა. ისინი "აირზენას" თანამშრომლები იყვნენ. ტრაგედიას 22 წლის პილოტი სულიკო ცუცქირიძე, ეკიპაჟის წევრი გურამ კეპულაძე, ტექნიკოსი ალბერტ მანუკოვი და ხომალდის მეთაური ალექსეი ოგანესიანი ემსხვერპლნენ. დაღუპულია ეკიპაჟის ყველა წევრი, ასევე ბორტზე მყოფი 33-ვე ადამიანი, რომელთა შორის 29 გაეროს თანამშრომელი იყო. "აირზენაში" აცხადებენ, რომ თვითმფრინავი CRJ - 100 ტექნიკურად გამართული იყო.
უცხოური მედიის ინფორმაციით, კატასტროფას 1 ადამიანი გადაურჩა, თუმცა მისი ვინაობა უცნობია.