აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, ტურისტებს ახალ ტურისტულ პროდუქტს სთავაზობს. "ბათუმი ქარდის" შეძენას ტურისტები მიმდინარე ტურისტული სეზონიდან შეძლებენ.
"ბათუმი ქარდის" მფლობელი შეძლებს, უფასოდ იმგზავროს მუნიციპალური ტრანსპორტით, ფასდაკლებით ისარგებლოს სასტუმროებსა და კვების ობიექტებში. ასევე, დაათვალიეროს სხვადასხვა ღირშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი და მუზეუმები.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლის, გიორგი ბერიძის განცხადებით, ტურისტი ფასდაკლებით ისარგებლებს იმ ობიექტებში, რომელიც "ბათუმი ქარდის" ბუკლეტზე იქნება დატანილი.
ბერიძის განცხადებით, ტურიზმის დეპარტამენტი მოლაპარაკებებს აწარმოებს კერძო სექტორის წარმომადგენლბთან, რათა პროექტში მეტი რესტორანი და სასტუმრო ჩაერთოს, რათა ტურისტს დიდი არჩევანის საშუალება მიეცეს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელი ამბობს, რომ პლასტიკური ბარათის ვადიანობა 2, 3, 5 და7-დღიანი იქნება და მაქსიმუმ 15 დოლარი ეღირება. თუმცა პლასტიკური ბარათის ფასი, მის ვადიანობაზე იქნება დამოკიდებული.