კონგოში, ავიაკატასტროფის დროს დაღუპულ ქართველთა ვინაობა ცნობილია. ისინი ავიაკომპანია "აირზენას" თანამშრომლები იყვნენ. ესენია: 22 წლის პილოტი სულიკო ცუცქირიძე, ეკიპაჟის წევრი გურამ კეპულაძე და ტექნიკოსი ალბერტ მანუკოვი.
ზუსტდება მეოთხე გარდაცვლილის ვინაობა, რომელიც სავარაუდოდ ხომალდის მეთაური ალექსეი ოგანესიანია. დაღუპულია ეკიპაჟის ყველა წევრი, ასევე ბორტზე მყოფი 33-ვე ადამიანი. "აირზენაში" აცხადებენ, რომ თვითმფრინავი CRJ - 100 ტექნიკურად გამართული იყო.
"დასაჯდომ ბილიკზე დაჯდომისას იყო ძალიან ძლიერი ქარი და ტროპიკული წვიმა, რამაც თვითმფრინავის ასაფრენ ბილიკზე დამარცხება გამოიწვია, ორად გადატყდა და ცეცხლი წაეკიდა. საავიაციო გამოძიება უკვე დაწყებულია", - განაცხადა "აირზენა - ჯორჯიან ეარვეისის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.
ბოლო მონაცემებით, კონგოში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში ბორტზე მყოფი 33 ადამიანიდან 20 გაეროს თანამშრომელი იყო. უცხოური მედიის ინფორმაციით, კატასტროფას 1 ადამიანი გადაურჩა, თუმცა მისი ვინაობა უცნობია. კატასტროფიდან რამდენიმე საათში სამაშველო საქმიანობაში გაეროს ჯგუფი ჩაება. დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა.