აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა 2012 წელს ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე კენჭს ხელმეორედ იყრის. ამის შესახებ ნათქვამია ობამას წინაასაარჩევნო საიტზე და მისი მომხრეებისადმი ელ-ფოსტით გაგზავნილ წერილებში.
ობამას საარჩევნო კამპანიის დაწყების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია პოლიტიკური წრეებისა და ანალიტიკოსებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. გასულ კვირას თეთრი სახლის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტის საარჩევნო შტაბს შესაძლო იყო შეეტანა განაცხადი ფედერალურ საარჩევნო კომისიაში.
მომხრეებისადმი გაგზავნილ წერილში ობამა აღნიშნავს, რომ საარჩევნო კამპანია მცირე აქციებით დაიწყება - ისეთებით, როგორიცაა „საუბრები მეზობლებთან, კოლეგებთან და მეგობრებთან" - და გაფართოვდება არჩევნების მოახლოებასთან ერთად.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ობამას წინასაარჩევნო შტაბმა, შესაძლოა, მილიარდი აშშ დოლარის მოგროვება შეძლოს.