თეირანმა ლუვრთან ურთიერთობა გაწყვიტა. ამის შესახებ "ასოშიედ პრესი" იტყობინება. ამის მიზეზად ირანის კულტურის უწყების ხელმძღვანელმა საფრანგეთის მუზეუმის მიერ მიცემული დაპირებისა და ხელმოწერილი შეთანხმების დარღვევა დაასახელა.
კერძოდ, ლუვრს საკუთარი ფონდებიდან თეირანის მუზეუმისთვის საექსპოზიციოდ სპარსული სიძველეები უნდა გაეგზავნა. თუმცა ეს არ გააკეთა და მიზეზიც არ აუხსნია. ამ დროს კი თეირანმა თავისი მოვალეობა შეასრულა და რამდენიმე წლის წინ ექსპონატები საკუთარი მუზეუმებიდან პარიზში საექსპოზიციოდ გაგზავნა.
ირანული მხარის მტკიცებით, ფრანგებს განმარტებების გასაკეთებლად დრო მარტის ბოლომდე ჰქონდათ.
"ჩვენ არ გვსურს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა ზემოდან ქვემოთ გვიყურონ, რაც კულტურის სფეროსაც შეხება", _ აღნიშნა ირანელმა ჩინიოვნიკმა.
ცნობისთვის, თეირანი პირველი არაა, რომელმაც სოლიდურ ევროპულ მუზეუმთან ურთიერთობა გაწყვიტა. 2009-10 წლებში საზღვარგარეთ მსგავსი სკანდალი ე.წ. კირი დიდის ცილინდრის გამო ატყდა, ამ ბაბილონურ დოკუმენტს ადამიანის უფლებების უძველეს დეკლარაციად დღემდე მიიჩნევენ.
იმ დროს ბრიტანეთის მუზეუმმა, დაპირების მიუხედავად, სიძველე თეირანის გამოფენაზე არ გაგზავნა. მრავალი სპეციალისტის აზრით, ამ გადაწყვეტილების მიღმა პოლიტიკა იდგა.
2010 წლის თებერვალში თეირანმა ბრიტანეთის მუზეუმთან ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ განაცხადა. ამის მიუხედავად, სექტემბერში ცილინდრი მაინც გაგზავნეს ირანში და სკანდალიც ამოიწურა.