საპარლამენტო უმრავლესობა მედიაგამჭვივალეობის შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს. აღნიშნული ინიციატივით ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი გამოვიდა.
"დიდი ხანია მიმდინარეობს კონსულტაცია მედიის მესაკუთრეთა გამჭვირვალეობის შესახებ, რომელიც მეორე მოსმენისთვის მზად არის. თუ იქნება საშუალება 8 აპრილის პლენარულ სხდომაზე იქნებ დაჩქარებული წესით განვიხილოთ", - მიმართა კუბლაშვილმა ბაქრაძეს და დასძინა, რომ დაჩქარებული წესით მიღების მიზანია, რომ ცვლილებების ამოქმედება მომავალი წლისთვის არ გადაიდოს.
"ქრისტიან-დემოკრატების" წევრის, ვიცე-სპიკერ ლევან ვეფხვაძის თქმით, ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის პრინციპების დონეზე შეთანხმება მიღწეულია და თუ მისი კანონპროექტში ფორმულირებაზე შეთანხმება მოხდება, მზად არიან საკითხის პარასკევის სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირონ.
შეგახსენებთ, რომ ცვლილება შედის "მაუწყებლობის შესახებ" კანონში, რომლის მიხედვითაც, ოფშერში დარეგისტრირებულ კომპანიებს მედიამაუწყებლობის წილის ფლობა ეკრძალებათ. ოპოზიცია ფინანსური გამჭირვალობის ასახვას მოითხოვს, კერძოდ კი აუდიტი, რომელსაც მაუწყებელი კომისიაში წარადგენს, საერთაშორისო ბუღალტრული დაცვის პრინციპით იყოს დადგენილი. კანონპროექტის თანახმად, მაუწყებლის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არა უგვიანეს 2011 წლის 1-ლი ივნისისა უზრუნველყოს კანონის მოთხოვნების დაკმაყოფილება და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიაში წარდგენა.