საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პარტიების მიერ საარჩევნო პრინციპებზე შეთანხმებას ქართული დემოკრატიის მიღწევად აფასებს. როგორც მან ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლის ფიცის დადების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ის, რომ პოლიტიკური პარტიები პრაქტიკულად ყველანი შეთანხმდნენ საარჩევნო პრინციპებზე ეს არის დიდი მიღწევა ქართული დემოკრატიის.
პრეზიდენტმა თბილისში მერის პირდაპირი წესით არჩევაზეც გააკეტა კომენტარი და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება რაც არა აქვს ევროპის ქვეყნების უმეტესობას
"ბევრი ეჭვი მქონდა ამ გადაწყვეტილებაზე, თუმცა ეს იყო ჩემი ინიციატივა, იმიტომ რომ ამ სისტემას ბევრ პლუსთან ერთად აქვს ძალიან სეროზული მინუსებიც. იმიტომ, რომ ვისაც ჰგონია, რომ მერი ეს არის ბრძოლა საქართველოს მთავრობისთვის ნიშნავს, რომ ის ამით შეებრძოლება თბილისს. ასე რომ თუ ეს შენთვის სხვა არაფერია, თუ არა ბრძოლა შემდგომი რაღაცისთვის, ნიშნავს, რომ თბილისელების პრობლემები არის მეათე ხარისხოვანი", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მისივე თქმით, რა თქმა უნდა ეს იყო საკამათო საკითხი, მაგრამ ეს გადაწყვეტილება იმიტომ იქნა მიღებული, რომ მაქსიმალური კონსესუსია მისაღწევი, მათ შორის ყველაზე რადიკალურ ჯგუფებთან.