საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შავი ზღვის უნივერსიტეტის დამფუძნებელი თურქი პროფესორი მესუდ ბოსქირი განსაკუთრებული დამსახურებისთვის ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა. ამ ორდენით აჯილდოებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს აღმშენებლობაში, მეცნიერების, ხელოვნებისა და კულტურის განვითარებაში.
A
დაჯილდოების შემდეგ სააკაშვილმა თურქეთ-საქართველოს გაღრმავებულ ურთიერთობასა და მეგობრობაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თურქეთის ხელისუფლებას ომის შემდეგ დაზარალებულების დახმარებისთვის.
"დღეს არის ერთდროულად ძალიან კარგი და ძალიან ნაღვლიანი დღეც. იმიტომ რომ ბატონი მესუდი ასრულებს მოღვაწეობას საქართველოში, საქართველოს ფონდში და ბრუნდება თურქეთში. ბრუნდება არასწორი ტერმინია, იმიტომ რომ მისთვის ჩვენი ქვეყანა ზუსტად ისეთივე სამშობლოდ იქცა როგორც მისი წარმოშობის ქვეყანა თურქეთი", - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველო-თურქეთის ურთიერთობები ბოლო პერიოდში ავიდა ბევრად მაღალ დონეზე და რეალურად ხდება არა მხოლოდ სახელმწიფოთა შორის დაახლოება.
"პრაქტიკულად გვაქვს გამჭვირვალე საზღვარი. გვაქვს უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, ერთობლივი აეროპორტი ბათუმში. ვხსნით ახალ გზებს, ახალ რკინიგზას ვაშენებთ და რაც მთავარია ხდება ხალხებს შორის დაახლოება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულთა დახმარებისთვის მადლობა სტუმარს კიდევ ერთხელ გადაუხადა.
"არ შემიძლია არ გითხრათ მადლობა რუსული აგრესიის შედეგად 800-მდე დაზარალებულის დახმარებისათვის. თქვენ განსაკუთრებით მოუფრთხილდით მათ და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევთ მას შემდეგაც, რაც ისინი თქვენი უნივერსიტეტის ტერიტორიიდან გადავიდნენ", - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ყოველივე ეს არის ხიდი, საქართველოსა და თურქეთს შორის, რომელიც არასოდეს ჩატყდება.
"თურქეთთან ურთიერთობის განსაკუთრებული განვითარებით მე პირადად ძალიან ვამაყობ, იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რომელიც გვაქვს ბოლო წლების განმავლობაში", - განაცხადა სააკაშვილმა.