საპარლამენტო ოპოზიცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამოდის. შესაბამისი საკითხი პარლამენტის დღევანდელ სესიაზე მიმდინარე სამთავრობო დებატებისას საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დააყენა.
მისი განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობის" ექსპერიმენტმა სახელწოდებით "საქართველოს ეკონომიკური რეფორმა" სრული კრახი განიცადა: უმუშევრობა მატულობს, ფასები კატასტროფულად იზრდება, ინფლაციამ ყოველგავრ ზღვარს გადააბიჯა.
"ამ ექსპერიმეტს საკუთარი ავტორები ჰყავს და მათ პასუხისმგებლობა უნდა იაღონ. ამ ყველაფრის პაუხისმგებელია მთელი მთავრობა, ამიტომ "ქრისტიან-დემოკრატები" ვაყენებთ მთელი მთავრობის შემადგენლობის გადადგომისა და გადაყენების საკითხს", - აღნიშნა თარგამაძემ, რომელმაც აქვე ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც, მისი აზრით, აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.
"მთავრობა უპირველესად უნდა გადადგეს იმის გამო, რომ მოკლებულია პროგნოზირების ყოველგვარ უნარს... მთავრობა 2015 წლის აღმშენებლობაზე გველაპარაკება და არაფერს ამბობს იმაზე, თუ როგორ აღმოვჩნდით იმ ორმოში, რასაც საქართველოში არსებული ფინანსური, ეკონომიკური, სოციალური, ჯანდაცვითი, საგანმანათლებლო და სოფლის მეურნეობის კრიზისი ქვია. მთავრობა უნდა გადადეს იმის გამო, რომ წლების განმავლობაში არად აგდებდა სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობას. ძალიან კარგად მახსოვს, რომ სამი წელი "ქრისტიან-დემოკრატები" ვიძახდით, რომ სოფლიოს მეურნეობა ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი სფეროა, რაზეც გვეუბნებოდნენ, რომ ვიყავით "ჩამორჩენილები", გოიმები", რომ ეკონომიკურ ცენტრს და ინდუსტრიულ ოაზისს აშენებდით, სინგაპური და ჰონკოკი უნდა გავმხდარიყავით. ახლა ვინაა გოიმი და დროის განზომილებაში აცდენილი პოლიტიკური ძალა? ჩვენ თუ თქვენ - აგრარული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის 7 წლის შემდეგ ხვდებით, რომ სოფელს თურმე აღმშენებლობა სჭირდება?.. საქართველოს მთავრობა უნდა გადადეს იმის გამო, რომ ბიზნეს უყურებს, როგორც მეწველ ძროხას, რომელსაც ბალახის ჭამის საშუალება არ უნდა მისცეს", - ესენია რამდენიმე მიზეზი, რის გამოც "ქრისტიან-დემოკრატების" აზრით მთავრობა სრული შემადგენლობით უნდა გადადგეს.
ამასთან, თარგამაძემ სიტყვით გამოსვლისას "სამომავლო ლეგენდები" უწოდა მთავრობის მიერ 2015 წლამდე ქვეყნის განვითარების გრძელვადიან გეგმას.
"როგორ გენდოთ 2015 წელს, როცა თქვენ შორს კი არა აქვე, ცხვირწინ ვერ იხედებით", - აღნიშნა თარგამაძემ.