ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს საკითხზე მომხსენებლები ღრმად შეშფოთებული არიან სამი ძირითადი ოპოზიციური პარტიის ასაკრძალად მმართველი უმრავლესობის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის გამო, – ამის შესახებ ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგევრდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, საქართველოს საკითხებში PACE-ს მონიტორინგის თანამომხსენებლებმა, ედიტე ესტრელამ (პორტუგალია, სოციალისტური პარტია) და საბინა კუდიჩმა (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ALDE), ღრმა შეშფოთება გამოთქვეს მმართველი უმრავლესობის გადაწყვეტილების გამო, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი დემოკრატიული ოპოზიციური პარტიიდან სამის აკრძალვასთან დაკავშირებით.
„როგორც ასამბლეამ ხაზგასმით აღნიშნა თავის ბოლო რეზოლუციაში საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის შესახებ, დემოკრატიული ოპოზიციის აკრძალვა, ფაქტობრივად, ერთპარტიულ დიქტატურას დაამყარებს და შეუთავსებელი იქნება ევროპის საბჭოს წევრობასთან“, – განაცხადეს თანამომხსენებლებმა.
მათ მოუწოდეს მმართველ უმრავლესობას, „გადახედოს თავის სარჩელს და შეაჩერონ ქვეყნის სწრაფი დემოკრატიული უკუსვლა“.