იმისთვის, რომ საქართველო მოსალოდნელ ტრაგედიას გადარჩეს მთავრობა უნდა გადაგეს. აღნიშნული წინადადებით დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სამთავრობო დებატების დროს ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია გამოვიდა და დეპუტატებს მხარდაჭერა სთხოვა.
"მთავრობას მიმართ ხალხს დროის და მოთმინების ლიმიტი უკვე ამოეწურა. ამიტომ თუ დაუყოვნებლივ არ იქნება გადაწყვეტილებები მიღებული ქვეყანა მივა ტრაგედიამდე, სადაც გამარჯვებულები და დამარცხებულები არ იქნებიან", - აღნიშნა ბაღათურიამ და აქვე დასძინა, ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად აუცილებელია პენსიის 100 დოლარამდე გაზარდა, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარება და მასში დაპირებული 150 მილიონი ლარის ინვესტირება.
"პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ წარმოდგენილი პროექტის შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ ხელისუფლებამ მართლა დაიწყო ფიქრი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე, მაგრამ გუშინ შემოსული ბიუჯეტის პროექტში სოფლის მეურნეობისთვის მხოლოდ 9 მილიონი ლარია გამოყოფილი 150 ლარის ნაცვლად. ეს კი ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა საჯაროდ დადებული პირობა კიდევ ერთხელ დაარღვია", - აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე თქმით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ნათელია, რომ ხელისუფლებას ქვეყნის კირიზისიდან გამოყვანის ან ნება არ აქვს ან შესაძლებლობა, ამიტომ ბაღათურიამ კოლეგებს მიმართა მთავრობის პასუხისმგებლობის დაყენებაში მხარი დაუჭირონ.
გარდა ამისა, დეპუტატის შეფასებით, ქვეყანაში არ არსებობს თავისუფალი სასამართლო და ის პროკურატურის კანცელარია გახდა.
"მხოლოდ 2009 წელს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 18 534 პირის მიმართ და სასამრთლომ გამამართლებელი განაჩენი მხოლოდ 18 პირის მიმართ გამოიტანა, ხოლო 14 ათასამდე პირთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მართლმსაჯულება ფულადი შემოსავლების წყაროდ იქცა", - აღნიშნა ბაღათურიამ.
მისივე თქმით, პატიმართა რაოდენობის გაზრდასთან ერთად 150 ათასი პრობაციონერიდან 80% ბიზნესმენები არიან, რომლებიც იმის ნაცვლად, რომ სამუშაო ადგილებს ქმნიდნენ "პრობაციაში დარბიან ხელის მოსაწერად".
დეპუტატი გამოვიდა ინიციატივით, რომ პრობაცინერებს შეზღუდვები მოეხსნათ, რათა მათ საკუთარი ბიზნესის მიხედვა შესძლონ.