დღეს, 30 მარტს, 13:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ლეონარდო და ვინჩის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნება. თეთრი მარმარილოს ბიუსტი აკადემიას საჩუქრად გადასცა ფლორენციის რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის პრეზიდენტმა და თსსა-ს საპატიო დოქტორმა პაოლო დელ ბიანკომ, ნიშნად მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისა.
გახსნას დაესწრება ფლორენციის რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის დელეგაცია, ფონდის პრეზიდენტ ბატონ პაოლო დელ ბიანკოს თაოსნობით.
გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს იტალიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი ვიტორიო სანდალი.
"რომუალდო დელ ბიანკოს ფონდი" ოთხი წლის განმავლობაში წარმატებით თანამშრომლობს თბილისის სამხატვრო აკადემიასთან. ამ ორგანიზაციაში გაერთიანებულია დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ამერიკისა და აზიის 300-მდე უნივერსიტეტი. ფონდის ძირითადი პრიორიტეტებია არქიტექტურა, ურბანული გეგმარება, კულტურული მემკვიდრეობა, სახვითი ხელოვნება, რესტავრაცია, კონსერვაცია, ვიზუალური ხელოვნება, მოდა, დიზაინი, კულტურული ტურიზმი და სხვა.
ფონდის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნებსა და კულტურათა შორის ცოდნის გაზიარების პროცესს, სტუდენტთა, პროფესორთა და ახალგაზრდა მეცნიერთა მონაწილეობას საერთაშორისო ინტეგრაციის პროგრამებში.