იტალიელი დიპლომატები ერთ-ერთ აფრიკულ ქვეყანაში ლიბიის ლიდერის სავარაუდო თავშესაფრის მომზადების შესახებ მოლაპარაკებებს მართავენ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მუამარ კადაფი ოპოზიციისა და კოალიციური ძალების ზეწოლით ქვეყნის დატოვებაზე დათანხმდება. ამის შესახებ ბრიტანული "გარდიანი" იტყობინება.
ლიბიის მოვლენების ირგვლივ ახლახან გამართულ ლონდონის საერთაშორისო კონფერენციაზე იტალიამ ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით შუამავლის მისიისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
შეთავაზება კადაფისთვის აფრიკულ ქვეყანაში თავშესაფრის უზრუნველყოფასაც გულისხმობს.
"კადაფიმ უნდა გაიგოს, რომ მისი მხრიდან სიმამაცე იქნებოდა, თუკი იგი იტყოდა: "მესმის, რომ უნდა წავიდე", _ ამის შესახებ იტალიის საფარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკო ფრატინიმ განაცხადა.
"ვიმედოვნებთ, რომ აფრიკის კავშირი შესაბამის შეთავაზებას გამონახავს", _ განმარტა ფრატინიმ.