"საარჩევნო კოდექსში'' ცვლილებების პროექტში პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის 6 საკითხი დაზუსტდა. აღნიშნული საკითხები ჩამოთვლილია იმ დოკუმენტში, რომელიც ოპოზიციის მოთხოვნით, დეპუტატებს კანონპროექტთან ერთად დაურიგდათ.
დაზუსტდა, რომ არჩევნების დღეს საუბნო საარჩევნო კომისია გაიხსნება, თუ იქნება არანაკლებ 7 კომისიის წევრისა; საუბნო საარჩევნო კომისიაში წევრების ნაკლებობის შემთხვევაში, რეგისტრატორის ფუნქცია მდივნის ნაცვლად სხვა რეგისტრატორებზე გადანაწილდება; შემაჯამებელ ოქმი მიეცემა პარტიის წარმომადგენელს ან მის წევრს შესაბამის კომისიაში.
ამასთან, დეპუტატებისთვის დარიგებულ ოფიციალურ დოკუმენტში წერია, რომ "ჯონდი ითხოვს ოპოზიციის ერთი წევრის დამატებას ცესკოში, ხოლო თავმჯდომარის კანდიდატურები წარმოადგინოს საკონსტიტუციო სასამართლომ'', - სადაც დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას გვარია გამორჩენილი.
ამას გარდა, დამატებულ საკითხებშია, რომ შემაჯამებელ ოქმშივე უნდა დააფიქსიროს კომისიის წევრმა განსახვევბული აზრი და რომ ერთმანდატიან ოლქებად დაყოფის პროცესი ცესკომ კოდექსში ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაყოს.
"საარჩევნო კოდექსში'' ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმდინარეობს.