ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ლიბიაში მიმდინარე საომარი მოქმედებები დადებითად შეაფასა. მისი თქმით, 90-იან წლებში ბოსნიაში საერთაშორისო საზოგადოებას ძალადობის შესაჩერებლად ერთი წელი დასჭირდა, ხოლო ლიბიაში ძალადობის შეჩერება 31 დღეში იქნა შესაძლებელი.
"მოდით შევაჯამოთ მოვლენები. ერთ თვეში შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ფართო კოალიციის მობილიზება მოახერხა. კოალიციამ ლიბიელი ხალხის დასაცავად საერთაშორისო მანდატის ფარგლებში დაიწყო მოქმედება. ასევე შეაჩერა კადაფის ჯარის დაწინაურება, მასობრივი ხოცვა-ჟლეტვა და ლიბია არასაფრენ ზონად გამოაცხადა. იმისთვის, რომ გავიგოთ რამდენად ეფექტურია სამხედრო და დიპლომატიური ქმედებები 90-იანი წლების ბოსნიის მაგალითი უნდა მოვიყვანოთ, სადაც საერთაშორისო საზოგადოებას ძალადობის შესაჩერებლად ერთ წელზე მეტი დასჭირდა. ჩვენ ეს ყველაფერი 31 დღეში მოვახერხეთ. უფრო მეტიც, სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე საკუთარ ხალხთან პირობა დავდეთ, რომ ამერიკის როლი იქნებოდა შეზღუდული და სახმელეთო ჯარებს ლიბიაში არ შევიყვანდით. ვთქვით, რომ ჩვენ გამოვიყენებდით ჩენს უნიკალურ შესაძლებლობლებს ფრონტზე და შემდეგ გადავცემდით ჩვენს მოვალეობებს მოკავშირეებსა და პარტნიორებს", - განაცხადა ობამამ აშშ-ს ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში.
პრეზიდენტის განცხადებით, შეერთებული შტატების მიერ ნატოსთვის მოვალეობების საბოლოოდ გადაცემა ოთხშაბათს მოხდება.
"ნატომ, ჩვენმა ყველაზე ეფექტურმა ალიანსმა, საკუთარ თავზე აიღო იარაღის და არასაფრენი ზოლის კონტროლის ხელმძღვანელობა. გუშინ ღამით კი კოალიციამ კიდევ ერთი მოვალეობა გადაიბარა - ლიბიის მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვა. შეერთებული შტატების მიერ ნატოსთვის მოვალეობების საბოლოოდ გადაცემა ოთხშაბათს მოხდება. დარწმუნებული ვარ, რომ კოალიცია განაგრძობს კადაფზე ზეწოლას", - დასძენს ობამა.