საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინტერნეტფორუმ `ებლიტფოს~ მომხმარებელთა ინიციატივით `ვეფხისტყაოსნის~ 21-ე საუკუნის ხელნაწერის შექმნა დაიწყო.
რუსთაველის პოემის ერთი სტროფის გადაწერა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ვინც ქართული ანბანი იცის და ეს ნაწარმოები ფასეულობას წარმოადგენს. გადამწერს შესაძლებლობა აქვს, აირჩიოს მისთვის სასურველი სტროფი, გადაწერილი სტროფები აღირიცხება და `ებლიტფოს~ გვერდზე ქვეყნდება, ასე რომ განმეორება შეუძლებელია. პოემას არ ექნება სარჩევი, ისევე როგორც მის სხვა ხელნაწერებს, ქვესათაურებს ერთი კალიგრაფისტი გააკეთებს, გაფორმდება ასევე მსურველთა მხრიდან შესრულებული ორიგინალი ილუსტრაციებით და იქნება ერთადერთი ეგზემპლარი, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეინახება.
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას `ფეისბუქზე~ აქვს ლიტერატურული გვერდი `ებლიტფო~, რომელიც დამოუკიდებელ ფორუმს წარმოადგენს და სხვადასხვა ლიტერატურულ პროექტებს ახორციელებს.
როგორც ებლიტფოს მოდერატორი, ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი კილაძე ამბობს, ყველაზე დიდი მოთხოვნაა სტროფზე ნესტანის წერილიდან: `ჰა, ჩემი ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები~.
მისვე ინფორმაციით, ეს სტროფი პირველმა გადაწერა უხუცესმა ბიბლიოთეკარმა ლეილა ზამბახიძემ და ამიტომ მისი ხელნაწერი შევა.
"პირველი ხელნაწერი კი, რომელიც საზოგადოებისგან მივიღეთ, ცნობილ მთარგმნელს ალექსანდრე ელერდაშვილს ეკუთვნის და იგი პოემის შესავალი ნაწილის სტროფია: `ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები~......გადამწერთა შორის არიან ოჯახები, გვაქვს 7 წლის ბავშვის ხელნაწერიც. იმის გამო, რომ ვეფხისტყაოსანი სრულიად საქართველოს კუთვნილებაა, და იგი სიმბოლოა განთლებული, ჰუმანური იდეებიტ განმსჭვალული საზოგადოების, ეს გადამწერთა ვინაობაშიც ჩანს. მოგვდის ხელნაწერები საქართველოში მცხოვრები სომეხი, რუსი, ქურთი, პოლონელი მოქალაქეების. დარწმუნებული ვართ, ამ პროექტში ჩაერთვება საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსის წარმომადგენელი. ხელნაწერებს გვიგზავნიან უცხოეთში მცხოვრები ქართველები და ქართველოლოგებიც. ვფიქრობთ, პოემის გადაწერა წელიწადნახევარში დასრულდება~, _ აცხადებს კილაძე.
მსურველებს ხელნაწერის გადაგზავნა შეუძლიათ შემდეგ მისამართზე: gkiladze@nplg.gov.ge
`ვეფხისტყაოსნის~ ხელნაწერი გააგრძელებს ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებულ პროექტს - `უნიკუმური გამოცემები ბიბლიოთეკაში~. ასეთი ორი ტომი უკვე არსებობს. `ჩემი ხუთი ლექსი~, სადაც 92 თანამედროვე პოეტმა თვითონ შეარჩია საკუთარი ხუთი ლექსი და `ჩემი მოთხრობა~, სადაც თავისი მოთხრობა 60-მდე მწერალმა გაგზავნა. კეთდება მესამე ტომი ორ წიგნად - `ვთარგმნე~, სადაც ასევე თანამედროვე ავტორების მიერ ნებისმიერი ენიდან თარგმნილი პროზა და პოეზია შევა. `ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი~ მეოთხე ტომი იქნება. ამით ეროვნული ბიბლიოთეკა ხელნაწერთა გამოცემებს დაიწყებს. ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმია 21-ე საუკუნის პოეზიის გაკეთება, რომელიც გადაწერილი იქნება არა ავტორების, არამედ პოეზიის მოყვარულთა მიერ.