პოლიტიკური "რვიანი" საზოგადოებაში პოლიტიკურ კამპანიას იწყებს.
როგორც "რვიანის" წარმომადგენლებმა დღეს, "ქართული აკადემიის" წევრებთან შეხვედრაზე განაცხადეს, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე ბრძოლა უკვე იმ ეტაპზე გადავიდა, როცა პროცესში საზოგადოების ჩართვაა აუცილებელი.
"ახლა ხელისუფლება გვცდის. ის ამბობს, რომ მაინც საკუთარ ჭკუაზე გააკეთებს ყველაფერს და აინტერესებს, ჩვენ რისი თავი გვაქვს? ვფიქრობ, რომ უნდა დავიწყოთ საზოგადოებასთან პოლიტიკური კონსულტაციები და ერთობლივი ბრძოლისთვის მზადება", - აღნიშნა კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა.
მისივე მტკიცებით, თუკი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებითვის ბრძოლაში საზოგადოება ჩაერთვება, ხელისუფლება უკან აუცილებლად დაიხევს.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების 5 თვის თავზე, პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ხელისუფლებას საარჩევნო გარემოს შეცვლის პოლიტიკური ნება არ გააჩნია.