„ასეთი სარჩელია „ქართული ოცნების“ მიერ საკუთარ თავზე დაწერილი განაჩენი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ნიკა გვარამიას თქმით, ერთადერთი პარტია, რომელიც ლეგიტიმურად აიკრძალება ამ ქვეყანაში, არის „ქართული ოცნება“ და ეს მოხდება შემდეგი ხელისუფლების დროს,
„ერთადერთი პარტია, რომელიც ლეგიტიმურად აიკრძალება ამ ქვეყანაში, არის „ქართული ოცნება“ და ეს მოხდება შემდეგი ხელისუფლების დროს. ასეთი სარჩელია „ქართული ოცნების“ მიერ საკუთარ თავზე დაწერილი განაჩენი. ზოგადად, არ ვარ მომხრე პარტიების გაუქმების და ამ კონტროლის ფორმის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ რამე მართლა შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს კონსტიტუციით პარტიის გაუქმების და ცალკეულ პირებზე პასუხისმგებლობის დაყენების წინაპირობად, ეს არის ის სავარაუდო შედეგები, რომელიც ამ სარჩელის დაკმაყოფილებას მოჰყვება, მათ შორის, მოსამართლეების წინააღმდეგაც. არავინ თქვას, რომ მისთვის არ არის ცნობილი, რას აკეთებს. უკანონობის ჩადენა, ამ შემთხვევაში, უბრალოდ, უკანონობა არ არის. ამას მხოლოდ გვარამიას, მელიას, ხოშტარიას, სააკაშვილის, ჯაფარიძის, ან ვინმეს ციხეში გაშვება კი არ მოჰყვება, ჩვენ გამოვალთ იმ ციხიდან, მაგრამ იმ ჩიხიდან, რომელშიც ამ სარჩელის დაკმაყოფილება საქართველოს შეიყვანს, შეიძლება ქვეყანა ვეღარ გამოვიდეს“, - განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან.