პოლიტიკური "რვიანის" ერთ-ერთი ლიდერის, დავით გამყრელიძის შეფასებით, ახლა ბურთი ხელისუფლების მოედანზეა.
"ბურთი ახლა ხელისუფლების მოედანზეა, თუმცა ჩვენ ვინარჩუნებთ ერთსულოვნებას და ხელისუფლებაზე ზეწოლას გავაძლიერებთ, რათა შევცვალოთ არსებული საარჩევნო სისტემა", - განაცხადა გამყრელიძემ არასამთავრობოებსა და "ქართული აკადემიის" წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რომელთაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებასთან გამართული მოლაპარაკებების შეჩერების მიზეზები განუმარტეს.
მისივე განმარტებით, ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე არა იდეალისტური, არამედ რეალისტური წინადადებებით მივიდა, თუმცა მმართველი გუნდი "ასცდა იმ თემებს, რაც სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად პრინციპულად მნიშვნელოვანია".
"ჩვენ რთულ და უმადურ პროცესს შევეჭიდეთ. თუ "რვიანი" წარმატებას მიაღწევდა, მაშინ მთელი საზოგადოება მოგებული დარჩებოდა, თუ არ გამოუვიდოდა, მთელი რისხვა ჩვენზე წამოვიდოდა. მითი იმის შესახებ, რომ ოპოზიციას არ შეუძლია საუბარი, არ ყოფნის კვალიფიკაცია, ერთმანეთში ვერ თანხმდება, დაიმსხვრა. ოპოზიციურმა ძალებმა კვალიფიციური დოკუმენტები დადო. ის კომპრომისები, რაც ოპოზიციურ პარტიებს შორის იქნა მიღწეული, სამაგალითოა", - განმარტა გამყრელიძემ შეხვედრაზე.
ამასთან, "ახლების" ლიდერის შეფასებით, "რვიანის" პირველი წარმატება ის იყო, რომ ხელისუფლება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე მოლაპარაკებების გამართვაზე საერთოდ დაითანხმა.
"დღევანდელი საარჩევნო სისტემის პირობებსი ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა შეუძლებლად მიმაჩნია. ამიტომაც, ჩვენი პირველი წარმატება სწორედ ის იყო, რომ მმართველი გუნდი ამ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებაზე დავითანხმეთ. ამ პროცესის დაწყებას ხელი შეუწყო საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლამაც", - დასძინა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების 5 თვის თავზე, პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ხელისუფლებას საარჩევნო გარემოს შეცვლის პოლიტიკური ნება არ გააჩნია.