ბულგარეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, - ამის შესახებ დღეს, პარლამენტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე ბულგარეთის სახალხო კრების თავმჯდომარემ ცეცკა ცაჩევამ განაცხადა.
"საქართველოს და ბულგარეთ ბევრი საერთო აქვს, მათ შორის ეკონომიკის სფეროში. ჩვენ მხარს უჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, რომ თქვენი ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი გახდეს", - აღნიშნა ცეცკა ცაჩევამ.
მისივე თქმით, ბაქრაძესთან შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხების განხილვას, მათ შორის ეკონომიკის სფეროში.
ამასთან, ბულგარეთის სახალხო კრების თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს რეფორმების გატარებაში საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს და დაეხმაროს.
შეგახსენებთ, რომ ბულგარეთის სახალხო კრების თავმჯდომარე, ცეცკა ცაჩევა ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 27 მარტს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში დღესვე, დელეგაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საქართველოს და ბულგარეთს შორის საჰაერო გადაზიდვების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა გაიმართება, რომლის შემდეგაც ბულგარეთის სახალხო კრების თავმჯდომარე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ნიკოლოზ გილაურს შეხვდება.
ასევე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან.
29 მარტს სტუმრები ელენე ახვლედიანის სახელობის სახლ-მუზეუმს მოინახულებენ, რის შემდეგაც დელეგაცია თბილისიდან გამგზავრება.