ოფიციალური თბილისი ადასტურებს, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის მიმოსვლა, შესაძლოა, კიდევ უფრო გამარტივდეს.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერეციაზე განაცხადა, მხარეებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსა და თურექეთს შორის გადაადგილება მხოლოდ პირადობის მოწმობების საშუალებით იქნება შესაძლებელი.
"აღნიშნული საკითხი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ბოლო ვიზიტის დროს დაისვა. საქართველოსა და თურქეთს შორის მხოლოდ პირადობის მოწმობების საშუალებით გადადგილება ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის. ეს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობებს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს", _ განაცხადა კალანდაძემ.
ამასთან მინისტრის მოადგილის განმარტებით უკვე მიმდინარეობს ქვეყნებს შორის არსებული შესაბამისი ხელშეკრულების მოდიფიკაციის შესახებ მსჯელობა და ტექნიკურ საკითხებზე მუშაობა.