გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყის მაცხოვრებლები მგლებისგან დასაცავად მონადირეთა ჯგუფის შექმნას ითხოვენ. მტაცებლებმა გუშინ ღამით ვალიკო ბაზერაშვილის სახლის ეზოში სახედარი შეჭამეს. დაზარალებულის თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში სოფელს მგლები მეოთხედ შეესივნენ.
„შიშით ღამე ქუჩაში ვეღარ გამოვსულვართ. გამგეობას ვთხოვთ, რომ მონადირეთა ჯგუფი შეიქმნას და მორიგეობა დაწესდეს", - აღნიშნავს დაზარალებული.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის შოთა უტიაშვილის განცხადებით, მონადირეთა ჯგუფის შექმნის მოთხოვნით ჩუმლაყის მაცხოვრებლებს გამგეობისთვის არ მიუმართავთ. „ამ დროისთვის მათ ჩვენთვის არ მოუმართავთ. მომართვის შემთხვევაში მზად ვართ დავეხმაროთ, ეს იქნება ტყვია-წამლით თუ ფინანსურად. ყველანაირად ვეცდებით, რომ მოსახლეობას ხელი შევუწყოთ და მგლებისგან დავიცვათ", - აღნიშნა გამგებელმა.