დღეს, 28 მარტს, 18:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სხვენში ეტიუდების ფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდებიან .
ფესტივალი უკვე მესამედ ტარდება მარჯანიშვილის თეატრში. წელს იგი რეგიონალური მასშტაბის იქნება. შესაბამისად, მასში თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელოვნებო სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც მონაწილეობენ.
გრან პრის, საუკეთესო შემსრულებელი გოგოსა და საუკეთესო შემსრულებელი ბიჭის გამოსავლენად წლევანდელი ფესტივალის ჟიურის წევრები არიან: რეჟისორი - გიზო ჟორდანია, თეატრმცოდნე - გიორგი ცქიტიშვილი, მსახიობები - ნატა მურვანიძე და გოგა პიპინაშვილი.
ტრადიციისამებრ, თეატრის საერთაშორისო დღეს, 27 მარტს, ეტიუდების ფესტივალით ერთად აღნიშნავენ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი და ქალაქ თბილისის მერია.
ცალკეა სტუდენტური ჟიური, რომელიც თავის რჩეულს გამოავლენს ნომიცანიაში „სტუდენტური ჟიურის სიმპათია".
თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და მარჯანიშვილის თეატრი, გამარჯვებულებს ფულადი პრემიებით დააჯილდოვებს. ხოლო ფესტივალის პარტნიორი კომპანია „ისი-პარი", გამარჯვებულებს „სურნელოვანი" პრიზებით დაასაჩუქრებს.
ფესტივალის მიზანია თეატრის საერთაშორისო დღის აღნიშვნა, სტუდენტებში პროფესიული მოტივაციის ამაღლება, შემოქმედების პოპულარიზაცია და ამით მათი წახალისება. ასევე, ახალი სახეების აღმოჩენა და ტალანტების გამოვლენა.