დღეს, 28 მარტს, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თავისუფალ უნივერსიტეტთან ერთად აწყობს გამოფენას - "შეიცანი იაპონია". ღონისძიება შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში მოეწყობა.
დამთვალიერებელს პირველად ექნება საშუალება, იხილოს ეროვნულ მუზეუმში დაცული იაპონური ხელოვნების იშვიათი ნიმუშები.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება იაპონური ხელოვნების განვითარების გვიანდელი პერიოდის XVIII - XX სს. ამსახველი 150 ნივთი. მათ შორისაა: ტიხრული მინანქრისა და ფაიფურის ჭურჭელი, სპილოს ძვლის ნაკეთობები, საბრძოლო აღჭურვილობა, სარიტუალო დანიშნულების რელიგიური ნივთები, ჩაის ცერემონიალისთვის განკუთვნილი ჭურჭელი, სათამაშოები, სამოსის დეტალები და სხვა.
საქართველოს ეროვნულ მუზეუმის იაპონური კოლექციის დიდი ნაწილი კავკასიის მუზეუმის, საქართველოს ეროვნული გალერეის, მუზეუმ "მეტეხის," წერა-კითხვის გამავრცელებელი, საისტორიო საეთნიოგრაფიო საზოგადოების კოლექციათა ბაზაზეა შექმნილი, რასაც XX საუკუნის შუა წლებიდან კერძო კოლექციონერებისა და სახელმწიფო შესყიდვების გზით შემოსული ექსპონატებიც დაემატა.
თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით გამოფენის პარალეურად ნაჩვენები იქნება იაპონური ტრადიციული რიტუალი - შოდო - იაპონური კალიგრაფიის ხატვა. ასევე, საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარებენ პრეზენტაციებს და გააცნობენ იაპონურ კულტურასა და ტრადიციებს.