დღეს, 28 მარტს, ისრაელიდან აჭარაში ტურისტული ჯგუფი ჩავა. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვაჟა დიასამიძემ განაცხადა, 16-კაციანი ტურისტული ჯგუფი აჭარაში, ისრაელის ტურისტული კომპანია "ეშეთ ტურს" ჩამოყავს.
"გარდა ტურისტული ჯგუფების ჩამოყვანისა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტსა და "ეშეთ ტურს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, "ეშეთ ტური" ისრაელში სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში" აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ, ინფორმაციას განთავსებს", - აცხადებს ვაჟა დიასამიძე.
დიასამიძის თქმით, ისრაელის ტურისტთა ჯგუფი აჭარაში 2 დღეს დაყოფს, ხოლო შემდგომ სვანეთში გაემგზავრება. აჭარაში ყოფნისას ტურისტები ბათუმისა და მისი ღირსშესანიშნაობების გარდა, მაღალმთიან აჭარასაც მოინახულებენ.
ვაჟა დიასამიძის თქმით, ივლისიდან ბათუმსა და თელ-ავივს შორის ჩარტერული რეისები დაინიშნება, რომელსაც "აირზენა" "ეშეთ ტურის" დაკვეთით განახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ 2010 წელს აჭარას 1000 ებრაელი ტურისტი სტუმრობდა, თუმცა წელს აჭარაში 5 ათასამდე ებრაელ ტურისტს ელოდებიან.