სენაკის მოსახლეობის 70% წყალს ყოველდღიურად, 30% კი ყოველ მეორე დღეს 11-საათიანი გრაფიკით მიიღებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სენაკის წყალმომარაგების სისტემაში სამუშაოები ჩატარდა.
წყლის მთავარ სატუმბ სადგურზე ახალი სატუმბი დანადგარები და უნიკალური მოძრავი ლაბორატორია დამონტაჟდა, რომელიც წყლის ხარისხის ბაქტერიოლოგიურ და ქიმიურ ანალიზს, ასევე წყლის დაქლორვას ადგილზე ახდენს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, სენაკის მოსახლეობის 100% 24-საათიან წყალმომარაგებაზე გადავა.
მიმდინარე სამუშაოები დღეს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა ადგილზე დაათვალიერა.