გაეროს ბირთვული სააგენტოს მტკიცებით, იაპონიაში ბირთვული პრობლემა შესაძლოა რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს.
როგორც BBC იუწყება, ფუკუსიმას პრეფექტურაში, ატომურ ელქტროსადგურთან ახლოს, ზღვის წყალში რადიაციის დონე 1850-ჯერ არის გაზრდილი. ამასთან, "ფუკუსიმა 1"-ის მეორე რეაქტორთან წყალში რადიაციის დონე ნორმას 10 მილიონჯერ აჭარბებს.
"ვცდილობთ, რომ პრობლემა მოვაგვაროთ, თუმცა რადიაციის მაღალი დონის გამო სამუშაოების განხორციელება ძალიან გვიჭირს. რეაქტორის წყალში ისეთი ნივთიერებებია აღმოჩენილი, რომელიც ჩვეულებრივ მდგომარეობაში არ უნდა იყოს. მაღალი შესაძლებლობაა იმისა, რომ საწვავის ავზები უფრო და უფრო ზიანდება", - განაცხადა ტოკიოს ატომური სააგენტოს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა.
იმავდროულად, ქვეყნის მთავრობამ განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც რეაქტორთან, ჰაერში რადიაციის დონე იკლებს.
შეგახსენებთ, რომ ატომური ელექტროსადგურის დაზიანება 11 მარტს მომხდარი მიწისძრისა და ცუნამის შემდეგ მოხდა. ბოლო მონაცემებით, აღნიშნულ სტიქიებს 10 000 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 17 440 ადამიანი დღემდე დაკარგულად ითვლება.