პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში მთავრობა და კონკრეტულად პრემიერ-მინისტრი შეძლებს პარლამენტისათვის პასუხის გაცემას ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემაზე, რომელიც ამ სფეროში თანხების გამოლევას უკავშირდება. ამის შესახებ განცხადება მაჭავარიანმა დღეს სესიაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც საკითხი ოპოზიციის წარმომადგენლებმა მაგდა ანიკაშვილმა და ჯონდი ბაღათურიამ დასვეს.
როგორც მაგდა ანიკაშვილმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში ჯანდაცვის სამინისტრო აღარ რიცხავს საავადმყოფოებისათვის თანხებს რეფერალური და ურგენტული პროგრამებისათვის. გარდა ამისა ანიკაშვილი კვლავ მოუგვარებლად ასახელებს დეკრეტული შვებულებების ანაზღაურების საკითხს, რომელიც მისი თქმით უკვე რამდენიმე თვეა არსებობს.
ანიკაშვილს მხარს ჯონდი ბაღათურიაც უჭერს. აღნიშნული საკითხი ანიკაშვილმა და ბაღათურიამ დღეს სესიაზე 2009 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის პროექტისას დააყენეს. მიმდინარე ცვლილებით ბიუჯეტიდან ხდება თანხის დაზოგვა, რომელიც ფინანსთა მინისტრის განმარტებით "უწყებების მიერ ქამრების შემოჭერით იქნა მობილიზებული". ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სამინისტროში გაუმართლებელია თანხების დაზოგვა როდესაც პროგრამების დაფინანსებაც კი ვერ ხერხდება.
აღსანიშნავია რომ ოპოზიციის არგუმენტი გარკვეულწილად პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმაც გაიზიარა.
"ამ შემთხვევაში ბაღათურიას დავეთანხმები, რომ ეს ისეთი საკითხებია, რომლის მოგვარებაც ვერ მოითმენს" - აცხადებს მაჭავარიანი და იმედოვნებს, რომ ამ პრობლემას მთავრობა უახლოეს დღეებში გადაჭრის.
აღსანიშნავია, რომ მაჭავარიანი კონკრეტულად დეკრეტული შვებულებების ანაზღაურებაზე აკეთებს აქცენტს, თუმცა იმასაც იმედოვნებს, რომ "ჯანდაცვის სისტემაში არცერთი პროგრამის შესრულება არ ჩავარდება".