ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურს ვიცე-სპიკერს პაატა დავითაიას შეხსენებები არ მოეწონა.
როგორც დღეს, პარლამენტში სამთავრობო დებატების დროს ხეთაგურმა პაატა დავითაიას საპასუხოდ აღნიშნა, "არავის შეხსენება არ გვჭირდება, რომ თუ "ვარდნილჰესი" გაჩერდება ეს ენგურჰესის გაჩერებას გამოიწვევს".
"ჩვენ ეს პრობლემა ვიცით და მიუხედავად იმისა, რომ ეს ჰესები ოკუპირებულ ტერიტორიებზეა მათ რეაბილიტაციას მაინც ჩვენ ვახორციელებთ და ეს ადვილი არ არის", - აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.
მისივე თქმით, "ენერგურჰესის" ტექნიკური მონიტორინგი ყოველდღიურად მიდის.
"2006 წელს ჰესი გავაჩერეთ 3 თვით და გვირაბის 35%-იანი რეაბილიტაცია ჩავატარეთ. 2014 წელს კიდევ არის დაგეგმილი გაჩერება, რომ გვირაბის რეაბილიტაცია დასრულდეს. როგორც იცით, "ენგურჰესის" მშენებლობა არ არს დასრულებული და ექსპლუატაციაში არ არის მიღებული სადგური. ჩვენ ახლა ვასრულებთ მშენებლობას, რომელიც ჯერ კიდევ 60-ან წლებში დაიწყო", - აღნიშნა მინისტრმა.
რაც შეეხება "ვარდნილჰესების" კასკადს, მინისტრის თქმით, პრობლემა ახლი არ არის და მისი რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია, რომელიც დაფინანსებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
"აღნიშნულ საკითხებზე პირადად მომდის ყოველ საღამოს ანგარიშები და შემდეგ შემიძლია გაგაცნოთ", - მიმართა დავითაიას ხეთაგურმა.
მინისტრის თქმით, "ხუდონჰესის" მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება უკვე რამდენიმე კვირაში გაფორმდება, ხოლო მისი მშენებლობა მიმდინარე წელსვე დაიწყება, რაც შეეხება "ნამოხვანჰესს" მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები წელს, ხოლო ჰესის აშენება მომავალი წლიდან იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ დავითაიას განცხადებით, მიუხედავად ჩატარებული სამუშაოებისა, ქართველი ენერგეტიკოსების აზრით, "ენგურჰესის" კასკადის ჰიდროტექნიკური ნაგებობები სერიოზულ რეაბილიტაციას ითხოვს.
მისი ინფორმაციით, სავალალო მდგომარეობაშია "ვარდნილჰესის" მიწის კაშხალი, წყალსაგდები ნაგებობანი და გამყვანი არხი, რომლის დაზიანება მიწისძვრისას. ნებისმიერ დროსაა მოსალოდნელი. ვარდნილჰესების გაჩერება კი ავტომატურად "ენგურჰესის" ძირითადი სადგურის გაჩერებას იწვევს.
დავითაიამ მინისტრს შეახსენა, რომ "ხუდონჰესის" და "ნამოხვანჰესის" მშენებლობა ჯერ კიდევ 2008 წელს უნდა დაწყებულიყო, ხოლო პროექტების მოსამზადებლად რამდენიმე მილიონი ლარი უკვე დაიხარჯა.