ტრიპოლიში მდებარე მუამარ კადაფის რეზიდენცია დაბომბილია. კოალიციის ძალებმა გამთენიისას მორიგი ავიაიერიში მიიტანეს მუამარ კადაფის მოკავშირე ძალებზე და მათი სამხედრო ავტოკოლონები გაანადგურეს. დაბომბეს საჰაერო თავდაცვის სისტემებიც. კოალიციის ოპერაციას დანიის მოიერიშე თვითმფრინავებიც შეუერთდნენ, რომლებიც წერტილოვან დარტყმებს იტალიის სამხედრო ბაზიდან ახორციელებდნენ.
პენტაგონი აცხადებს, რომ ორდღიანი დაბომბის შედეგად ლიბიის საჰაერო თავდაცვა უკვე შესუსტებულია.
"ავიაიერიშები ეფექტური აღმოჩნდა. მნიშვნელოვნადაა შესუსტებული რეჟიმის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობა",_აცხადებენ პენტაგონში.
ამასთან, კოალიცია ირწმუნება, რომ მუამარ კადაფი ავიაციის სამიზნე არ არის. თუმცა ლიბიის ხელისუფლებამ უცხოელი ჟურნალისტები ლიდერის რეზიდენციასთან ტელეკამერებით მიიწვია და დანგრეული შენობა აჩვენა.
ცნობილია, რომ ამ შენობაში სამეთაურო შტაბი იყო განთავსებული, რომელიც კოალიციის თვითმფრინავებმა დაბომბეს. მათი მიმართულებით ლიბიის არმიამ საპასუხო ცეცხლიც გახსნა.
"ეს ადმინისტრაციული შენობაა, სადაც ხალხი ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა. დაახლოებით ორი საათის წინ დაიბომბა. ყოველდღიურად აქ მოდიან რიგითი ლიბიელები, მათ შორის, ქალები და ბავშვები. საბედნიეროდ, ჭურვები 100 მეტრის დაშორებით აფეთქდა",_აცხადებენ კადაფის მომხრეები.