"დემოკრატიული მოძრაობა" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა და მას ცინიზმი უწოდა.
"2011 წლის 17 მარტს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას, მიმართოს ყველა საჭირო ზომას მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ხელისუფლებაც გამოეხმაურა. საქართველოს მოსახლეობის შეურაცხყოფა და ცინიზმია ის განცხადება, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ იქნა გახმოვანებული", _ აცხადებენ "დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლები.
მათი განცხადებით, ეს იმ ხელისუფლების განცხადებაა, რომელმაც ქვეყნაში ავტორიტარული რეჟიმი შექმნა და უზარმაზარ რესურს სწორედ ამ რეჟიმის განტკიცებისთვის ხარჯავს.
"ამას აცხადებს ის ხელისუფლება, რომელიც მუდმივად ლახავს ადამიანის უფლელებს, რომელსაც ჰყავს პირადი და პოლიტიკური პატიმრები, რომელმაც დაიწყო უგუნური ომი და საფრთხეში ჩააგდო მთელი ქვეყნის მოსახლეობა, ეს არის იმ ხელისუფლების განცხადება, რომელიც არაფრად აგდებს საკუთარი ხალხის ნებას და რომელიც რეალურად დგას იმ საფრთხის წინაშე, რომ ტუნისისა და აგვიპტის ხელისუფალთა ბედი გაიზიაროს", - აღნიშნულია "დემოკრატიული მოძრაობის" განცხადებაში.
მათი განცხადებით, გაეროს უშიშროების საბჭოზე მიღებულმა რეზოლუციამ კიდევ ერთხელ დაადსტურა, რომ მსოფლიო რეჟიმებსა და დიქტატორ მმართველებს მხარს არ უჭერს, რომ მსოფლიოს მხარდაჭერა აქვს ხალხს და არა ხელისუფლებებს.
"დემოკრატიული მოძრაობა" და "სახალხო კრება" ხმამაღლა აცხადებს, რომ ძალა ხალხშია. სწორედ ხალხის მასობრივი პროტესტი იქნება გარანტი იმასა, რომ სააკაშვილმა ვერ გაბედოს ხელი აღმართოს საკუთარ ხალხზე და მისი რეჟიმი მშვიდობიანი გზით გავუშვათ; ამ სამართლიან ბრძოლაში ქართველი ხალხი აუცილებლად მიიღებს მსოფლიოს მხარდაჭერას", _ აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა 2011 წლის 17 მარტს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას და გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: "საქართველო მიესალმება ინიციატორი და მხარდამჭერი ქვეყნების გადაწყვეტილებას. იგი მუდამ იყო და იქნება იმ სახელმწიფოთა გვერდით, რომლებიც მხარს უჭერენ მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას, ადამიანის უფლებათა საყოველთაო პატივისცემასა და ხალხის თავისუფალ არჩევანს".