ლიბიის ოპოზიციის ლიდერები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბლეფია და ამ განცხადების სერიოზულად აღქმა არ შეიძლება. ოპოზიციის ძალების მეთაური ხალიფა ხაფტირი განმარტავს, რომ არ არის საჭირო ხელისუფლების მიერ გაკეთებული ამ განცხადების სერიოზულად აღთქმა.
"კადაფის სიტყვა ბლეფია, ის არასოდეს ამბობს სიმართლეს და მთელმა მსოფლიომ იცის, რომ კადაფი, მისი ოჯახი და შვილები ყველა მატყუარები არიან", _ აცხადებს ხალიფა ხაფტირი. ინფორმაციას ამის შესახებ "ფრანს პრესი" ავრეცელებს.
აღსანიშნავია, რომ ლიბიის ხელისუფლება ამბოხებულების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს წყვეტს და დიალოგის შესაძლო დაწყების შესახებ განცხადებას აკეტებს. მუამარ კადაფის ეს გადაწყვეტილება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუსა კუსამ გაახმოვანა.
ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გაეროს უშიშროების სააბჭოს რეზოლუციის შესაბამისად, რათა უზრუნველყოფილ იქნას სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოება.
შეგახსენებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ ნიუ-იორკში ლიბიის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმადაც, ლიბიის საჰაერო სივრცე არასაფრენ ზონად გამოაცხადა.
აღნიშნული რეზოლუციის მიღებას გაეროს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან 10-მა მისცა ხმა, წინააღმდეგი არ ერთი არ ყოფილა, ხუთმა კი თავი შეიკავა, მათ შორის იყვნენ რუსეთი, ჩინეთი, გერმანია, ინდოეთი და ბრაზილია.
რეზოლუცია საერთაშორისო საზოგადოებას უფლებას აძლევს, ლიბიის მიმართ ყველა საჭირო ზომა გამოიყენოს, თუმცა მასში არ არის უფლება ლიბიის მშვიდობიანი მოსახლების დაცვისთვის იქ სახმელეთო ჯარის გაგზავნისა. უკვე გავრცელდა ინფორმაცია უმოკლეს ვადაში ლიბიაზე ავიაშეტევის დაწყების შესახებ.