დღეს კინოს სახლთან „საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის" ინიციატივით პატიმართა მიმართ სოლიდარობის აქცია "მე პატიმარი ვარ!" გაიმართა. აქციას საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
„საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის" საინიციატივო ჯგუფის წევრთა თქმით, უკანასკნელი შვიდი წლის მანძილზე ხელისუფლება უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლს. ამასთან, ატერორებს საკუთარ მოსახლეობას, დევნის ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს, მიზანმიმართულად ამრავლებს პატიმართა და პრობაციონერთა რიცხვს, უმალავს საზოგადოებას პატიმართ ზუსტ რაოდენობას.
„დღეს სიტუაციამ კულმინაციას მიაღწია. ერი კატასტროფის ზღვარზეა, მიმდინარეობს საკუთარი მოსხლეობის წინააღმდეგ გენოციდი. მომრავლდა შემთხვევები, როცა ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი სასჯელს იხდის",_ნათქვამია „საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის" მიერ გავრცელებულ საგანგებო მოწოდებაში.
ამავდროულად, „საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის" წევრები მოუწოდენ საზოგადოებას, საკუთარი ხელმოწერებითა და აქტიური ქმედებით მათ მიერ შემუშავებულ კანონპროექტს დაუჭირონ მხარი, რაც საყოველთაო ფართო ამნისტიას გულისხმობს.
აქციას მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მომხრეებიც შეუერთნენ.