19 მარტს, 12:00 საათზე, გარემოს დაცვის სამინისტროში მინისტრი გოგა ხაჩიძე კომპანია "ბილაინის" წარმომადგენლებს და თბილისის 53-ე საჯარო სკოლის ეკო-კლუბის წევრებს შეხვდება. "ბილაინი" და "ეკო-კლუბი" ერთ-ერთი პირველები გამოეხმაურნენ სამინისტროს ინიციატივას "შეაგროვე მაკულატურა, გადაარჩინე ტყე!"
"ბილაინისა" და "ეკო-კლუბის" მიერ შეგროვებული ერთ ტონამდე მაკულატურა ქაღალდის მეორადი გადამუშავების ქარხნებს გადაეცემა. სამინისტროს ინიციატივა ემსახურება საზოგადოებაში ეკოლოგიური კულტურის ჩამოყალიბებას, გარემოსდაცვითი კუთხით ცნობიერების ამაღლებას, ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რაციონალური გამოყენების პროპაგანდას. ასევე, სამთავრობო სტრუქტურების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მოსახლეობის ძალისხმევის გაერთიანებას გარემოს დაცვისთვის.
გარემოს დაცვის სამინისტრო მოუწოდებს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორს, საზოგადოებას აქციაში აქტიური მონაწილეობისკენ. ორგანიზაციებსა და ოფისებში სანაგვე ყუთში დიდი რაოდენობით ისეთი ქაღალდი იყრება, რომლებიც მეორეული გადამუშავებისთვის გამოდგება. მაკულატურის უტილიზაციას და გადამუშავებას დიდი ეკოლოგიური და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. მეცნიერების გამოთვლით, 1 ტონა მაკულატურით 5 კუბურ მეტრამდე ხის მასალის ეკონომია ხდება, რაც 20-25 ხის გადარჩენის საშუალებას იძლევა.