აფხაზები ქორწინებისთვის ქართველებს ჯერ კიდევ საუკეთესო პარტნიორებად მიიჩნევენ. ამის შესახებ ნათქვამია აჭარაში მოსახლე აფხაზთა ენობრივი და ეთნიკური იდენტობის შესახებ ჩატარებულ კვლევაში, რომლის განხილვაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე მოხდა.
გამოკითხულ აფხაზთა შორის ქართველი დედა 46%-ს ჰყავს, აფხაზი - 46%-ს, ხოლო 8%-ს თურქი და რუსი.
კვლევის მიხედვით, აფხაზურ ენას არა მხოლოდ აფხაზი, არამედ ქართველი დედებიც ფლობენ. თუმცა აფხაზური ენის ცოდნის დონე, პროცენტულად დაბალია შვილებში, რადგან გამოკითხულთა ოჯახებში, სასაუბრო ენად ყველაზე ხშირ შემთხვევებში ქართული გამოიყენება. პროცენტულად შემდეგია რუსული და ძალიან მცირეა ოჯახებში აფხაზური ენით მოსაუბრეთა რაოდენობა.
აფხაზი კაცის ყველაზე დამახასიათებელ დადებით თვისებად ზრდილობა მიიჩნევა, მსოფლიოს რეგიონალური დაყოფის მიხედვით, გამოკითხულები თავს კავკასიელებად მიიჩნევენ, ხოლო ქართველებთან საერთოს გენეტიკურობაში ხედავენ.
ყველაზე ახლობელ ხალხად აფხაზები ქართველებს და რუსებს მიიჩნევენ, თუმცა რამოდენიმე გამოკითხულმა ახლობელ ხალხთა შორის სომხებიც დაასახელა.
მუჰაჯირობაში დამნაშავედ დიდი უმრავლესობა რუსეთის იმპერიას მიიჩნევს, დამნაშავედ ქართველები მხოლოდ 4%-მა მიიჩნია.
ისტორიული გმირის იდეალი, გამოკითხულ აფხაზთა უმრავლესობამ საერთოდ არ დაასახელა, თუმცა ამ სიაში სტალინიც აღმოჩნდა, ხოლო საამყო ისტორიულ ფაქტებს შორის, კვლევაში დიდგორის ომი ლიდერობს. აღსანიშნავია, რამდენიმე რესპოდენტმა ასეთ ფაქტად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა დაასახელა.
გამოკითხულთა შეფასებით, აფხაზებს არ სურთ, საერთაშორისო საზოგადოებამ და ორგანიზაციებმა ისინი სხვა საზოგადოებისგან რაიმე სახით განასხვავოს და ეგზოტიკურ მოვლენად განიხილოს.