"ქრისტიან-დემოკრატების" განცხადებას საერთო ქვითრის შემოღებასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი კოკი იონათამიშვილი გამოეხმაურა
იონათამიშვილის თქმით, კომუნალური გადასახადების ერთიანი სისტემა საშუალებას იძლევა, მოსახლეობამ ყოველგვარი გადასახადი კეთილსინდისიერად გადაიხადოს.
"აღნიშნული სისტემა საშუალებას იძლევა, დავიცვათ პატიოსანი გადამხდელების ინტერესები. იმ ადამიანებს კი, რომლებიც დასუფთავების მიმდინარე დავალიანებას არ დაფარავენ, გაეთიშებათ ელექტროენერგია. სწორედ ამიტომაა ჩვენი დედაქალქი გაცილებით სუფთა, ვიდრე წინა წლებში იყო", - აღნიშნა იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრებმა ინგა გრიგოლიამ და ჯაბა სამუშიამ საკრებულოს წინ ბრიფინგი გამართეს და ერთიანი ქვითრით კომუნალური გადასახადების ამოღება და სადამსჯელო ღონისძიებები გააპროტესტეს. მათი თქმით, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო "ქრისტიან-დემოკრატების" სარჩელის განხილვას არ დაიწყებს, ხელისუფლებამ ერთიანი ქვითრის სადამსჯელო ღონისძიების ამოქმედება უნდა შეაჩეროს.
"ქრისტიან-დემოკრატები" აცხადებენ, რომ მოსახლეობის პროტესტი აშკარაა, რის გამოც აბონენტებმა ე. წ. ინტკასატორებს სცემეს გლდანში, ნაძალადევსა და დედაქალაქის სხვა ტერიტორიაზე, როცა მათ აბონენტებს ელექტროენერგია ჩაუჭრეს.