ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა გლდანის რაიონში მცხოვრებ ყველაზე უხუცეს ქალბატონს სასურსათო ვაუჩერი გადასცა
გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, თბილისის საკრებულოს ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა გლდანის რაიონში მცხოვრები ყველაზე უხუცესი ქსენია ნანიკაშვილი მოინახულა და სასურსათო ვაუჩერი გადასცა.
ამასთან, ასი წლის ქალბატონს ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა და თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ საკვები პროდუქტი და ამ კატეგორიის ადამიანებისთვის განკუთვნილი 400 ლარი გადასცეს.
"ვფიქრობ, ბევრი ჩემი კოლეგა ათასობით შეჭირვებული ადამიანის ოჯახის კარს შეაღებს და მათ დახმარების ხელს გაუწვდის. ჩვენი მთავარი ამოცანაა მაქსიმალური კოორდინაცია და კავშირი გვქონდეს მოსახლეობასთან და, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, შევძლოთ მათი პრობლემების მინიმუმამდე დაყვანა",- განაცხადა ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა.
ქსენია ნანიკაშვილი 69 წლის პენსიონერ შვილთან ერთად ცხოვრობს და მათი ოჯახი სოციალურად დაუცველ ფენას მიეკუთვნება.