იაპონიაში მომხდარი მიწისქვეშა ბიძგების გამო, შესაძლოა, ქვეყნის ერთ-ერთი სიმბოლო ვულკანი ფუძიამა ამოიფრქვას. ამ დასკვნამდე იაპონელ და ამერიკელ სპეციალსტთა ნაწილი მივიდა.
ზოგადად, ვულკანი ფუძიამა ნაკლებ აქტიურად მიიჩნევა. უკანასკნელად იგი მე-18 საუკუნეში ამოიფრქვა.თუმცა მის სიახლოვეს განმეორებითმა ბიძგებმა შესაძლოა, მძინარე გიგანტი გააღვიძოს.
ვულკანის შესაძლო გაღვიძების დასკვნამდე იაპონიის ქალაქ ნაგოიას უნივერსიტეტის სეისმოლოგიის, ვულკანოლოგიისა და კატასტროფების შეჩერების კვლევითი ცენტრის სპეციალისტები მივიდნენ.
მეტეოროლოგმა კევინ მარტინმა აღნიშნა, რომ მიწისძვრებისგან ტალღები წარმოიქმნება, რომლებიც "მთელ პლანეტაზე მოგზაურობენ".
"მინიმუმ 300 წელია ფუძიამას ვულკანი ამოფრქვევას აგვიანებს",_ირონიულად აცხადებს ექსპერტი. მისი თქმით, ფუძიამას ამოფრქვევას მარტო იაპონია არ იგრძნობს. "ვულკანის მხოლოდ ერთი ამოფრქვევა საკმარისია, რათა ატომურ ელექტროსადგურ "ფუკუსიმას" რადიაციული ნარჩენები უზარმაზარ ტერიტორიაზე გავრცელდეს",_აღნიშნა კევინ მარტინმა.
781 წლიდან მოყოლებული, ფუძიამა 12-ჯერ ამოიფრქვა. ყველაზე დიდი კატაკლიზმა 800, 864 და 1707-1708 წლებში მოხდა.
მომხდარის შედეგად ახალი კრატერი გაჩნდა, ატმოსფეროში გასროლილმა ფერფლმა კი ქალაქ ედოს (თანამედროვე ტოკიოს) ქუჩები 15 სანტიმეტრით დაფარა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას იაპონიაში ქვეყნის ისტორიაში უძლიერესი მიწისძვრა მოხდა, რასაც მოგვიანებით ცუნამი მოჰყვა. იაპონიის ხელისუფლების თქმით, 10 ათასი ადამიანი დაიღუპა.