ხვალ, 19 მარტს, 15:00 საათზე, დიდ ქართველ მათემატიკოსს, სერგო თოფურიას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსიდან გაასვენებენ. აკადემიკოსი სერგო თოფურია 15 მარტს 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თოფურია 1931 წლის 27 დეკემბერს მარტვილის რაიონში, სოფელ ხუნწში დაიბადა. 1949 წელს დაამთავრა მარტვილის საშუალო სკოლა, 1953 წელს - სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი, 1958 წელს - ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა. 1954-1956 წლებში იყო № 14246 სამხედრო ნაწილის კურსანტი, შემდეგ საზენიტო არტილერიის ქვემეხის მეთაური (კარპატები, ლუცკ-როვნო). 1959 წელს ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტი) გახდა, 1961 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება (მოსკოვის უმაღლესი საატესტაციო კომისია), 1973 წელს - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტი), 1976 წელს კი - პროფესორის (მოსკოვის უმაღლესი საატესტაციო კომისია). 1987 წელს მიაიჭეს საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება. იყო მარტვილის საპატიო მოქალაქე.
სერგო თოფურია ნაშრომთა სრული სია მოიცავს 110-ზე მეტ დასახელებას. მათ შორის 3 მონოგრაფია (ორი რუსულ და ერთი ინგლისურ ენაზე), 17 სახელმძღვანელო და 24 დამხმარე სახელმძღვანელო და მეთოდური მითითება; თოფურია იყო 14 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი.
სერგო თოფურიას მიღებული აქვს მრავალი დიპლომი, საპატიო სიგელი და მედალი, მათ შორის: 1961 წელს - აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი, 1998 წელს - ღირსების ორდენი, 2002 წელს - გიორგი ნიკოლაძის მედალი, 1987 წელს - საქართველოს განათლების სამინისტროს პრემია სახელმძღვანელოებისთვის, 1990 საქართველოს განათლების სამინისტროს პრემია მონოგრაფიისთვის, 1996-1999 "სოროსის პროფესორის" წოდება და გრანტი.
სერგო თოფურიას სახელმძღვანელოებზე საქართველოში თაობებია აღზრდილი.