თბილისი ავღანეთში დამატებითი სამხედრო და სამოქალაქო ძალების წარგზავნის შესახებ ბარაკ ობამას გადაწყვეტილებას მიესალმება.
"საქართველო მხარს უჭერს ობამას ადმინისტრაციის ახალ სტრატეგიას, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო და სამოქალაქო ძალისხმევის გაზრდას, ადგილობრივი უსაფრთხოების ძალების გაძლიერებას, რათა შესაძლებელი გახდეს ავღანელების მიერ საკუთარი სამშობლოსა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა და პაკისტანთან პარტნიორობის გაფართოებას", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მასში აღნიშნულია, რომ "საქართველო, როგორც სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი, მხარში უდგას აშშ-ს მსოფლიოში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების დამკვიდრების საქმეში".
"ამის დასტურია საქართველოს მზადყოფნა, შეიტანოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობის ძალების (IშAF) ფარგლებში. საქართველომ მიმდინარე წლის ნოემბერში განათავსა გაძლიერებული ასეული ავღანეთში საფრანგეთის სარდლობის ქვეშ და 2010 წლის გაზაფხულზე განალაგებს ბატალიონს აშშ-ის სარდლობის ქვეშ.
საქართველო მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო ძალისხმევის გააქტიურება, რათა შესაძლებელი გახდეს ერთიანი ძალისხმევითა და სტრატეგიული კოორდინაციით ავღანეთსა და პაკისტანში ტერორიზმის დამარცხება და ამით მსოფლიოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარება.