უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას ლიბიის შესახებ ოფიციალური ტრიპოლის მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოყვა. ამასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
"გაეროს რეზოლუცია ყოვლად უსაფუძვლო და უკანონოა. მადლობა მინდა გადავუხადო უშიშროების საბჭოს იმ წევრ-ქვეყნებს, რომლებმაც ამ სამარცხვინო დოკუმენტის მიღებას ხმა არ მისცეს. სეპარატიზმი და ძალადობა საერთაშორისო საზოგადოებისათვის მიუღებელი უნდა იყოს. თუ რომელიმე ქვეყანა მხარს უჭერს ამას ის ლიბიაში სამოქალაქო ომის პროვოცირებას ახდენს. ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ კადაფის - ჩვენ თქვენ ნავთობს არ დაგითმობთ", _ განაცხადა ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხალიდ კაიმმა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის კომენტირებისას.
აღსანიშნავია, რომ ლიბიის ლიდერი პოზიციების დათმობას არ აპირებს - გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ლიბიის შესახებ რეზოლუციის მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე მუამარ კადაფმა განაცხადა, რომ ამბოხებულთა მთავარ პლაცდარმს ბრეგას 24 საათის განმავლობაში აიღებს. თუმცა ქვეყნის არასაფრენ ზონად გამოცხადების შემდეგ საჰარეო ძალების თვითმფრინავები შესაძლოა მოკავშირეებმა ნებისმიერ წუთს ჩამოაგდონ. ფრანგული მედიის ინფორმაციით შესაძლოა ლიბიის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დღეს საღამოს დაიწყოს.
შეგახსენებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ ნიუ-იორკში ლიბიის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმადაცლიბიის საჰაერო სივრცე არასაფრენ ზონად გამოაცხადა.
აღნიშნული რეზოლუციის მიღებას გაეროს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან 10 მისცა ხმა, წინააღმდეგი არ ერთი არ ყოფილა, ხუთმა კი თავი შეიკავა, მათ შორის იყვნენ - რუსეთი, ჩინეთი, გერმანია, ინდოეთი და ბრაზილია.
რეზოლუცია საერთაშორისო საზოგადოებას უფლებას აძლევს ლიბიის მიმართ ყველა საჭირო ზომა გამოიყენოს, თუმცა მასში არ არის უფლება ლიბიის მშვიდობიანი მოსახლების დაცვისათვის იქ სახმელეთო ჯარის გაგზავნისა.
აშშ-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეზოლუციას გამოიყენებს ქვეყნების კოალიცია, მათ შორის არაბული ქვეყნები, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ლიბიის შიგნით არსებული საჰაერო სამიზნეების დასაბომბად.