რიგი სახელმწიფო უწყებების რეგიონებში გადასვლის შემდეგ, ადგილმდებარეობას "საქპატენტიც" შეიცვლის და სამუშაოდ მცხეთაში გადავა. მცხეთის გამგებელის თემურ აბაშიძის თქმით, "საქპატენტის" ადმინისტრაციული შენობა ქალაქის ისტორიულ უბანში განთავსდება.
"საქპატენტმა" გამოთქვა სურვილი (და ეს აზრი ძალიან მოგვეწონა), რომ მცხეთის ისტორიულ ნაწილში განათავსოს თავისი ცენტრალური ოფისი"- აცხადებს აბაშიძე.
ისტორიულ სატახტო ქალაქში გადასვლის ფაქტს ადასტურებენ "საქპატენტშიც". უწყებაში ამბობენ, რომ "საქპატენტის" მცხეთაში გადასვლა ამ დროისათვის იდეის დონზე განიხილება. "საქპატენტში" აცხადებენ იმასაც, რომ თუ კი უწყება მცხეთაში გადავა ის აუცილებლად ახალ შენობაში განთავსდება, რომლის მშენებლობის ბიუჯეტიც ამ დროისათვის უცნობია.
შეგახსენებთ, რომ პირველი საკანონმდებლო აქტები ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, კერძოდ, დებულებები გამოგონებების, სამრეწველო ნიმუშების და სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა 1992 წლის 16 მარტს დაამტკიცა. იმავე წლის 1-ლი მაისიდან კი ფუნქციონირება დაიწყო "საქპატენტმა".
ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ერთიანი პოლიტიკის გატარების, საქმიანობის კოორდინირების უზრუნველყოფისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით 2000 წელს "საქპატენტს" შეუერთდა საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის სააგენტო, ხოლო 2006 წელს "საქპატენტს" გადმოეცა, აგრეთვე მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის სამართლებრივი უზრუნველყოფის ფუნქციებიც. 2007 წლის იანვრიდან კი ძალაში შევიდა: "მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ კანონი" და "ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ კანონი".
უწყების ჩამოყალიბების პირველივე დღეებიდან დაიწყო ზრუნვა მისი მატერიალური და ტექნიკური ბაზის შექმნაზე. 1996 წელს მწყობრში ჩადგა "საქპატენტის" ადმინისტრაციულ-ტექნოლოგიური შენობა, ხოლო მომდევნო წლებში, საქმიანობის სფეროს გაფართოებასთან ერთად, ექსპლუატაციაში შევიდა დამატებითი ფართობებიც. თანამშრომელთა ყველა სმუშაო ადგილი აღიჭურვა თანამედროვე საორგანიზაციო და კომპიუტერული ტექნიკით.