90 წლის წინ, 1921 წლის 18 მარტს საქართველოს რესპუბლიკის პირველი დემოკრატიული მთავრობა ბათუმიდან საზღვარგარეთ ემიგრაციაში წავიდა. დღემდე ბევრს კამათობენ, რომ საქართველოს მაშინდელმა სოციალ-დემოკრატიულმა ხელისუფლებამ, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, საკუთარი ხალხი გასაჭირში დატოვა და რუს მომხდურებს შეატოვა. საპირისპირო მოსაზრებაც არსებობს, რომ "სოციალ-დემოკრატიული" მთავრობა დასავლეთიდან აპირებდა ბოლშევიკებისგან საქართველოს გათავისუფლებას და ემიგრაციაში წასულებს ჩემოდნის გახსნა არც უფიქრიათ. თუმცა ერთა ლიგასა და მაშინდელ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოიმედე ჟორდანიას ხელისუფლებას ემიგრაციაში იმედები გაუცრუვდა.
დღესდღეობით ისტორიკოსები თანხმდებიან, რომ სოციალ-დემოკრატიულმა მთავრობამ ვერ მოახერხა ჭეშმარიტი საერთო-სახალხო წინააღმდეგობის ორგანიზება, რამაც წითელ არმიას დედაქალაქის აღება გაუადვილა. თბილისის მისადგომებთან ცხარე ბრძოლებისა და იუნკერების დაცემის შემდეგ 1921წლის 25 თებერვალს თბილისიც დაეცა.
მდგომარეობა გართულდა თურქეთის საზღვარზეც. 21 თებერვალს ანკარის მთავრობამ საქართველოს ულტიმატუმის ფორმით მოსთხოვა ქალაქების _ართვინისა და არტაანის დაცლა. ეს მოთხოვნა შესრულდა, მაგრამ თურქები არ შეჩერებულან და მალე ბათუმსა და ახალციხეს მიადგნენ. 19 მარტისთვის საქართველოს ყველა ძირითად ცენტრებში უკვე საბჭოთა ხელისუფლება იყო დამყარებული.