იაპონიის ატომურ ელექტროსადგურის გაგრილებამ სასურველ შედეგებს ვერ მიაღწია, რადიაციის დონე მაინც მატულობს. ექსპერტები ატომური ელექტროსადგურების ხუთი ზონის გალღობას წინასწარმეტყველებენ. ფრანგებმა კი რადიაციით შესაძლო დაბინძურების მასშტაბების მოდელი შექმნეს. აღსანიშნავია, რომ სააგენტო "Kyodo"-ს მიერ გრიფით "ელვა" გავრცელებული ინფორმაციით, მეორე რეაქტორიდან ამჟამად კვამლი ამოდის.
ექსპერტები აცხადებენ, რომ იაპონიის ხელისუფლებას მხოლოდ 48 საათი დარჩა იმისათვის, რათა მიიღონ ექსტრემალური ზომები და მსოფლიო კატასტროფისგან იხსნან. კატასტროფის შედეგები კი შესაძლოა 1986 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ ავარიაზე მძიმე იყოს.
ამასთან ერთად, საფრანგეთის ბირთვული სფეროს თანამშრომლები არადამაიმედებელ პროგნოზს აკეთებენ, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს მუშაობა, რომელიც ატომური ელექტროსადგურიდან "ფუკუსიმა-1"-დან გამოჟონილი ნივთიერებების გაუვნებლობას ეხება. ამერიკელი ბირთვული სფეროს მუშაკები ასევე არასაიმედო პროგნოზს აკეთებენ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის ბრალდებები იაპონიის ხელისუფლების მისამართით, რომ სიტუაცია "უკონტროლო" ხდება. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი "დეილი ტელეგრაფი" ავრცელებს.
ამის პარალელურად, იაპონიის ხელისუფლება აგრძელებს შექმნილ სიტუაციასთან ბრძოლას, რომლებიც ავარიულ რეაქტორებზეა შექმნილი. გრძელდება მესამე რეაქტორის გამაგრილებელი სამუშაო.
გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" ინფორმაციით, ამერიკელი ექსპერტები სიტუაციის ცუდ განვითარებას ვარაუდობენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე გააკეთა განცხადება და თავის მოქალაქეებს მოუწოდა ატომური ელექტროსადგურის 80 კილომეტრიანი რადიუსის ზონა დატოვონ. ბრიტანეთის ხელისუფლებაც ანალოგიურ განცხადებებს აკეთებს. იაპონიის ხელისუფლება კი მსგავსი განცხადების გაკეთებას არ ჩქარობს.
ბოლო მონაცემებით, ქალაქ ფუკუსიმაში, რომელიც ატომური ელექტროსადგურიდან 65 კილომეტრში მდებარობს, რადიაციის დონემ საათში 13, 9 შეადგინა, რაც ნორმას 340 ჯერ აღემატება. სადგურის დასავლეთით მდებარე ქალაქში რადიაციის დონე 2, 71 შეადგენს, რაც ნორმას 45 ჯერ აჭარბებს. ქალაქ ივაკში კი, რომელიც სადგურის სამხრეთით მდებარეობს, რადიაციის დონე 1, 25-ია, რაც ნორმას 20-ჯერ აჭარბებს. ამის მიუხედავად, იაპონიის ხელისუფლება აგრძელებს მტკიცებას იმის შესახებ, რომ რადიაციის დონე ადამიანის ორგანიზმისთვის დიდ საშიშროებას არ წარმოადგენს.
ფრანგული რადიოლოგიური დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ტერი შარლი აცხადებს, რომ მომდევნო ორი დღეღამე იაპონიისათვის გადამწყვეტი იქნება.
მისი აზრით, იაპონიაში რადიაციის მაქსიმალური დაბინძურების დონემ შესაძლოა ჩერნობილის კატასტროფის დონეს მიაღწიოს. საფრანგეთის პარლამენტის წევრი ფრანსუა ბარუანი აცხადებს, რომ შედეგები შესაძლოა ჩერნობილის კატასტროფაზე უფრო სავალალო იყოს.