ცენტრალური საარჩევნო კომისია სამოქალაქო განათლების კუთხით ახალ პროგრამას იწყებს.
როგორც ცესკოს პრესსპიკერმა, ჯული გიორგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პროგრამა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით დაიგეგმა.
"ღონისძიებები მოიცავს მოქალაქეთა საარჩევნო აქტივობის წახალისებას რეგიონალური რესურს-ცენტრების შექმნით, საგრანტო პროგრამის განხორციელებითა და სოციალური მედიის ფართო გამოყენებით", - განაცხადა გიორგაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამით საარჩევნო ადმინისტრაცია გეგმავს მიმდინარე არასაარჩევნო წელი მაქსიმალური ეფექტურობით გამოიყენოს სამოქალაქო განათლების მიმართულებით და თავისი წვლილი შეიტანოს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში.
"თითოეული მიმართულება ბევრ და მრავალმხრივ პროექტს მოიცავს და რამდენიმე კატეგორიის ამომრჩეველზეა ორიენტირებული. ცესკო, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ახალგაზრდებთან, ქალებთან, მოწყვლადი კატეგორიის ამომრჩეველთან და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან მუშაობას", - განმარტა მან.
გარდა ამისა, ცესკოს პრესსპიკერის თქმით, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეგიონალური ცენტრების განვითარების პროექტის განხორციელება. პროექტის ფარგლებში საქართველოს 16 რეგიონში დაარსდება რესურს ცენტრები, რომლებიც მოქალაქეთათვის და დაინტერესებულ მხარეთათვის ერთგვარი შეხვედრისა და ინფორმაციის გაცვლის ადგილი გახდება.
"აღნიშნული რესურს ცენტრები ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესში საზოგადოების ჩართულობას, ამომრჩეველთა განათლების დონის ამაღლებას და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობას საქართველოს რეგიონებში. რესურს ცენტრების შექმნაში საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს გაეროს განვითარების პროგრამასა და ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებთან", - დასძინა გიორგაძემ.
ამასთან, მისი განმარტებით, სამოქალაქო განათლების კუთხით, მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება ამცირე საგრანტო პროგრამაა. საარჩევნო ადმინისტრაცია გეგმავს მცირე და საშუალო გრანტების გაცემას, როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების სამოქალაქო სექტორისათვის. 5,000-დან 50,000 ლარამდე ღირებულების საინტერესო პროექტები მთელი წლის განმავლობაში განხორციელდება და ამომრჩეველს სხვადასხვა კრეატიული კუთხით მიაწოდებს ინფორმაციას, როგორც საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, ასევე ზოგადად, მათ როლზე საარჩევნო სისტემისა და ქვეყნის მმართველობაში.
"2011 წელს, საარჩევნო ადმინისტრაცია გააძლიერებს მუშაობას სოციალური მედიის გამოყენების კუთხით. დაგეგმილია რამდენიმე საინტერესო პროექტის განხორციელება, სოციალური მედიის როლის წარმოჩენისა და ამ სახის მედიაში აქტიურ ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაძლიერების მიმართულებით", - განაცხადა გიორგაძემ.